ეს შეკრებები არ არის მშვიდობიანი, მათ შორის არც ის სტრუქტურები აღარ იყენებენ ამ ტერმინოლოგიას, საკუთარ განცხადებებში, რომლებიც მანამდე უხეშად იტყუებოდნენ. დღეს მშვიდობიან აქციებზე აღარავინ საუბრობს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, ძალადობის ინიციატორები ყოველ ჯერზე იყვნენ შეკრების მონაწილეები.
„მგონია, რომ ყველაფერი ადვილი შესაფასებელია, რაც ხდება. პირველი, რაც არის ფაქტი - ყოველ დღე ამ სამი დღის განმავლობაში, იწყება უხეში სისტემური ძალადობა მომიტინგეების მხრიდან. პოლიცია არ რეაგირებს საერთოდ, ვიდრე არ გადადიან ძალადობრივი დაჯგუფებები უხეშ სისტემურ ძალადობაზე. შესაბამისად, ეს შეკრებები არ არის მშვიდობიანი, მათ შორის არც ის სტრუქტურები აღარ იყენებენ ამ ტერმინოლოგიას, საკუთარ განცხადებებში, რომლებიც მანამდე უხეშად იტყუებოდნენ. დღეს მშვიდობიან აქციებზე აღარავინ საუბრობს. არც ერთი ეს აქცია არც გუშინ, არც გუშინწინ, არც იმის წინ არ ყოფილა მშვიდობიანი. ძალადობის ინიციატორები ყოველ ჯერზე იყვნენ შეკრების მონაწილეები, ის ძალადობრივი დაჯგუფებები, რომლებიც მონაწილეობდნენ ამ შეკრებებში. მეორე უტყუარი ფაქტი არის ის, რომ ეს ძალადობა არიოს სისტემური და უხეში. თქვენ ხედავდით, ძალადობრივი დაჯგუფებები როგორ მოქმედებდნენ მაგალითად გუშინ. რა საშუალებებს იყენებდნენ. მათ შორის, ეს იყო პიროტექნიკა, სერიოზული საფრთხის შემცველი იარაღი, რომელსაც ისინი იყენებდნენ პოლიციის წინააღმდეგ. არაფერს ვამბობ ქვებისა და სხვა მძიმე საგნების სროლაზე. ამ დღეების განმავლობაში იყო პარლამენტში შეჭრის მცდელობა, პირდაპირ უტევდნენ პარლამენტის ჭიშკარს. იყო ძალიან მძიმე ფორმები გამოყენებული, იმისათვის, რომ ძალადობა ყოფილიყო წარმატებული“, - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, მეორე ფაქტი არის ის, რომ ძალადობა ხორციელდება სისტემურად.
„წინასწარ არის ორგანიზებული, წინასწარ მოაქვთ მასალები, მათ შორის, ძალადობისთვის და შემდეგ ახორციელებენ ძალადობას. მესამე ფაქტი არის ის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო მთლიანობაში მოქმედებს ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით. გუშინ თავიდან იქნა არიდებული ისეთი მძიმე ინციდენტებიც, რომლებსაც ადგილი ჰქონდა.
მეოთხე უტყუარი ფაქტი არის ის, რომ ადგილი ჰქონდა მძიმე ინციდენტებს, რასაც სჭირდება გამოძიება. კიდევ ერთი უტყუარი ფაქტი არის ის, რომ ეს იყო ცალკეული ექსცესები, ეს არ იყო ძალადობა, თქვენ გახსოვთ, რა ხდებოდა მაგალითად იმ დროს, როდესაც ვანო მერაბიშვილი იყო შს მინისტრი. სისტემური ძალადობა ხორციელდებოდა პოლიციის მხრიდან, ეს იყო წინასწარ ორგანიზებული, მათ შორის, მშვიდობიანი შეკრებების წინააღმდეგ. თქვენ გახსოვთ, 2011 წლის 260020მაისს რამდენიმე ადამიანი მოკლეს, როდესაც შეკრება იყო მშვიდობიანი. ამ შემთხვევაში კიდევ ერთი უტყუარი ფაქტი არის ის, რომ, როდესაც საქმე ეხებოდა ძალის გადამეტებას, ესეც იყო ექსცესები და არა რაიმე სისტემური ძალადობა. ეს არის უტყუარი ფაქტი, რასაც შეფასებაც არ სჭირდება. თუ ვინმეს აქვს განსხვავებული აზრი, დაჯდეს და ვისაუბროთ ამ თემასთან დაკავშირებით. ყველა კანონდარღვევას სჭირდება გამოძიება, როგორც ერთი, ასევე მეორე მიმართულებით, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა, რასაც ვაცნობიერებთ და ვიმოქმედებთ ამ პასუხისმგებლობის შესაბამისად“, - განაცხადა პრემიერმა.
შეგახსენებთ, მესამე დღეა, საქართველოს პარლამენტთან ევროინტეგრაციის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. დემონსტრანტები აპროტესტებს მთავრობის გადაწყვეტილებას, 2028 წლის ბოლომდე მოხსნან დღის წესრიგიდან საქართველოს ევროკავშირში გაწევრებაზე მოლაპარაკებების დაწყება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 29-30 ნოემბრის საპროტესტო აქციის დროს, სამართალდამცველთა მიერ პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის 107 პირია დაკავებული. ანუ უწყებამ ერთ ღამეში 107 ადამიანი დააკავა. მათივე ინფორმაციით, დაშავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს 10 თანამშრომელი. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 29 ნოემბრის აქციიდან სამედიცინო დაწესებულებებში 40 პირი გადაიყვანეს.
რამდენიმე ადამიანი დააკავეს აქციის მესამე დღესაც. სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ რამდენჯერმე გამოიყენა წყლის ჭავლი და ე.წ. გაზის კაფსულები. მოქალაქეები პიროტექნიკის გამოყენებით ცდილობდნენ, თავი დაეცვათ ძალოვნების შემოტევისგან. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 30 ნოემბერი-1დეკემბრის ღამის აქციიდან სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს 44 მოქალაქე.
ამ დრომდე ჭავჭავაძის გამზირზე აქციის მონაწილეებს გადაკეტილი აქვთ გზები და ამტკიცებენ, რომ უწყვეტი პროტესტი გაგრძელდება.
დედაქალაქის გარდა, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს რეგიონებშიც: ზუგდიდში, ქუთაისში, ხაშურში, გორში, საჩხერეში, ახმეტაში.
მიმდინარე პროცესებისგან დისტანცირებისა და პროტესტის ნიშნად სამსახურები დატოვეს: ეროვნული ბანკის ასეულობით თანამშრომელმა, თბილისის მერიის თანამშრომლების ნაწილმა, იუსტიციის სახლის ათეულობით და საგარეო საქმეთა სამინისტროს ასეულობით თანამშრომელმა, საჯარო რეესტრის ასეულობით თანამშრომელმა, პროსახელისუფლებო მედიის რამდენიმე ჟურნალისტმა. "ქართული ოცნების" ანტიდასავლურ პოლიტიკას გაემიჯნა სემეკისა და პარლამენტის თანამშრომლების ნაწილი. პოსტები დატოვეს და "ქართული ოცნების" ანტიევროპულ პოლიტიკას გაემიჯნენ ქართველი დიპლომატები, ელჩები. საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცედურების შეწყვეტას გაემიჯნენ სოციალური მუშაკებიც. ძალადობა დაგმეს და ევროინტეგრაციის გზაზე მოქალაქეებს თანადგომა გამოუცხადეს მსხვილმა კომერციულმა ბანკებმაც.
საქართველოს ევროპული გზიდან გადახვევა და რუსეთის წიაღში დაბრუნება კატეგორიულად მიუღებელია ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლებისთვისაც. იგივე პოზიცია აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალსაც, რომლებიც საჯარო განცხადებით გაემიჯნენ "კონსტიტუციისა და ევროკავშირში ინტეგრაციის კურსის ღალატის ნებისმიერ მცდელობას". ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე სვლის გაგრძელების მოთხოვნას შეუერთდნენ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები.
ამავე შინაარსის განცხადებებს ავრცელებენ და ევროკავშირთან მოლაპარაკების შეწყვეტას გმობენ სხვადასხვა საჯარო თუ კერძო ორგანიზაციები.
ძალადობა დაგმო და ქართველ ხალხს თანადგომა გამოუცხადა სპორტსმენების ნაწილმა.
ხელისუფლებას ევროკავშირში გაწევრებაზე მოლაპარაკებების შეჩერებაზე გადაწყვეტილების შეცვლას სთხოვს "ახალგაზრდა ადვოკატები".
პროტესტის ნიშნად, დაიხურა რამდენიმე რესტორანი. სტუმარმასპინძლობის ზოგიერთმა ობიექტმა თანამშრომლობა შეწყვიტა საჯარო სამსახურებთან.
საზოგადოებას და პროფესიულ ჯგუფებს მობილიზება და ხალხის გვერდით დგომა სთხოვეს მეღვინეებმა. მათი შეფასებით, "საქართველოს თვითმარქვია ხელისუფლება გავიდა ყველანაირი კონსტიტუციური ფარგლებიდან" და ახლა მხოლოდ ქუჩაში დგომის დროა.
სკოლებსა და უნივერსიტეტებში გაკვეთილებისა და ლექციების ჩატარებაზე უარი თქვა რამდენიმე პედაგოგმა და ლექტორმა.
ხელისუფლების გადაწყვეტილება დაგმეს სხვადასხვა დარგობრივმა ბიზნესგაერთიანებებმა და ასოციაციებმა.
სპექტაკლები გააუქმეს ან გადადეს თეატრებმა. ქართული ფილმების ჩვენება გააუქმა თბილისის კონოფესტივალმა.
მთავრობას კონსტიტუციის დაცვისკენ მოუწოდებს საქართველოს შშმ პირთა ქსელი. მათი მოთხოვნაა საქართველო დაბრუნება ევროპულ ორბიტაზე, არა შორეულ და გაურკვეველ მომავალში, არამედ უმოკლეს ვადებში, რადგან ევროპული მომავალი და ქვეყნის განვითარება პირდაპირ უკავშირდება შშმ პირთა კეთილდღეობას.
პრეზიდენტ ზურაბიშვილის შეფასებით, მასობრივი პროტესტი ეროვნულ დაუმორჩილებლობაში იზრდება. პრეზიდენტი ამბობს, რომ ის პოლიტიკურ პროცესებს სათავრეში ჩაუდგება, რადგან ახლა პრეზიდენტის აპარატი ერთადერთი დამოუკიდებელი, ლეგიტიმური ინსტიტუტია, რომელიც ქვეყანაში დარჩა.
საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა აშშ-მა, რაც, სპეციალისტების შეფასებით, ნიშნავს იმას, რომ "ქართულმა ოცნებამ" ჰაერში დაკიდა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა, შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ურთიერთობა, განათლების პროგრამები და არაღიარების პოლიტიკა.
მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ეკონომიკურ რისკებზე ალაპარაკდა ბიზნესი. მთავრობის ანტიდასავლური პოლიტიკის ეკონომიკურ საფრთხეზე დიდი ხანია საუბრობს სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის პრეზიდენტი პაატა ცაგარეიშვილიც. მისი თქმით, დასავლელი პარტნიორები 10 მილიარდი დოლარის დონაციას ახდენენ საქართველოს ეკონომიკაში სხვადასხვა პროექტების დაფინანსებით, რომელთა შეწყვეტა ქვეყანას ეკონომიკურად დაანგრევს.