კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომელთა ნაწილი ავრცელებს განცხადებას, რომელშიც წერია, რომ საქართველოს ევროპული გზიდან გადახვევა და რუსეთის წიაღში დაბრუნება კატეგორიულად მიუღებელია. აქვე ვკითხულობთ, რომ სწორედ ცენტრში დაცული, საუკუნეთა განმავლობაში შექმნილი წერილობითი ძეგლები ადასტურებს საქართველოს ქვეყნის სწრაფვას დასავლური კულტურისკენ.

„ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრშია დაცული: ეფრემ მცირის, მთაწმინდელების, არსენ იყალთოელისა თუ სულხან-საბას ნააზრევი, რომელიც შუა საუკუნეებიდან მოყოლებული ჩვენი ევროპული აზროვნების მასაზრდოებელი იყო; ასევე, ცენტრის კოლექციები ინახავს რუსეთის იმპერიასთან სხვადასხვა ფორმით მებრძოლი, ევროპულად მოაზროვნე დიდი ქართველი მოღვაწეების: ილიას, აკაკის, ვაჟას, დიმიტრი ყიფიანის, ნიკო ნიკოლაძის, ექვთიმე თაყაიშვილის, კათალიკოს-პატრიარქ ამბროსი ხელაიას და სხვათა პირად არქივებს, რომელთა დაცვა, შესწავლა და პოპულარიზაცია ჩვენი ყოველდღიური საქმიანობაა. სწორედ ამიტომ ვგრძნობთ, გამორჩეულ პასუხისმგებლობას“, - ვკითხულობთ განცხადებაში, რომელსაც ამ ეტაპზე ხელს აწერს ცენტრის 37 თანამშრომელი.

ცნობისთვის, იგივე პოზიცია აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალსაც, რომლებიც საჯარო განცხადებით გაემიჯნენ "კონსტიტუციისა და ევროკავშირში ინტეგრაციის კურსის ღალატის ნებისმიერ მცდელობას".

ამავე შინაარსის განცხადებებს ავრცელებენ და ევროკავშირთან მოლაპარაკების შეწყვეტას გმობენ სხვადასხვა საჯარო თუ კერძო ორგანიზაციები.

შეგახსენებთ, მესამე დღეა, საქართველოს პარლამენტთან ევროინტეგრაციის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. დემონსტრანტები აპროტესტებს მთავრობის გადაწყვეტილებას, 2028 წლის ბოლომდე მოხსნან დღის წესრიგიდან საქართველოს ევროკავშირში გაწევრებაზე მოლაპარაკებების დაწყება.  

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 29-30 ნოემბრის საპროტესტო აქციის დროს, სამართალდამცველთა მიერ პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის 107 პირია დაკავებული. ანუ უწყებამ ერთ ღამეში 107 ადამიანი დააკავა. მათივე ინფორმაციით, დაშავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს 10 თანამშრომელი. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 29 ნოემბრის აქციიდან სამედიცინო დაწესებულებებში 40 პირი გადაიყვანეს.  

რამდენიმე ადამიანი დააკავეს აქციის მესამე დღესაც. სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ რამდენჯერმე გამოიყენა წყლის ჭავლი და ე.წ. გაზის კაფსულები. მოქალაქეები პიროტექნიკის გამოყენებით ცდილობდნენ, თავი დაეცვათ ძალოვნების შემოტევისგან. ამ დრომდე ჭავჭავაძის გამზირზე აქციის მონაწილეებს გადაკეტილი აქვთ გზები და ამტკიცებენ, რომ უწყვეტი პროტესტი გაგრძელდება.

მიმდინარე პროცესებისგან დისტანცირებისა და პროტესტის ნიშნად სამსახურები დატოვეს: ეროვნული ბანკის ასეულობით თანამშრომელმათბილისის მერიის თანამშრომლების ნაწილმა, იუსტიციის სახლის ათეულობით და საგარეო საქმეთა სამინისტროს ასეულობით თანამშრომელმა, საჯარო რეესტრის ასეულობით თანამშრომელმა, პროსახელისუფლებო მედიის რამდენიმე ჟურნალისტმა. "ქართული ოცნების" ანტიდასავლურ პოლიტიკას გაემიჯნა სემეკისა და პარლამენტის თანამშრომლების ნაწილი. პოსტები დატოვეს და "ქართული ოცნების" ანტიევროპულ პოლიტიკას გაემიჯნენ ქართველი დიპლომატები, ელჩებისაქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცედურების შეწყვეტას გაემიჯნენ სოციალური მუშაკებიც. ძალადობა დაგმეს და ევროინტეგრაციის გზაზე მოქალაქეებს თანადგომა გამოუცხადეს მსხვილმა კომერციულმა ბანკებმაც.

ძალადობა დაგმო და ქართველ ხალხს თანადგომა გამოუცხადა სპორტსმენების ნაწილმა. პროტესტის ნიშნად დაიხურა რამდენიმე რესტორანი. გაკვეთილის ჩატარებაზე უარი თქვა რამდენიმე პედაგოგმა. 

ხელისუფლების გადაწყვეტილება დაგმო სხვადასხვა დარგობრივმა ბიზნესგაერთიანებებმა და ასოციაციებმა.

სპექტაკლები გააუქმეს ან გადადეს თეატრებმა.

პრეზიდენტ ზურაბიშვილის შეფასებით, მასობრივი პროტესტი ეროვნულ დაუმორჩილებლობაში იზრდება

საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა აშშ-მა.