ფორმულა 1-ის სპონსორობის ბაზარი სწრაფად იზრდება და 2026 წელს შესაძლოა 3 მილიარდ დოლარს გადააჭარბოს. Ampere Analysis-ის პროგნოზით, ჩემპიონატში სპონსორების დანახარჯები გასულ წელთან შედარებით 15%-ით, ხოლო 2022 წელთან შედარებით 66%-ით გაიზრდება. ამჟამად ფორმულა 1-ს 400-ზე მეტი სპონსორი და პარტნიორი ჰყავს, ერთი კონტრაქტის საშუალო ღირებულება კი დაახლოებით 8.1 მილიონ დოლარს შეადგენს.
სპონსორობის საშუალო ღირებულებით ფორმულა 1 მნიშვნელოვნად უსწრებს სხვა მსხვილ სპორტულ ლიგებს. Ampere Analysis-ის მონაცემებით, NBA-ში საშუალო სპონსორული კონტრაქტის ღირებულება 2.18 მილიონი დოლარია, ხოლო NFL-ში – 2.13 მილიონი დოლარი. ამასთან, ფორმულა 1-ის გუნდებს საშუალოდ 34 პარტნიორი ჰყავთ, რაც ბრენდებს შორის კონკურენციას კიდევ უფრო ამძაფრებს.
Qualcomm-ის მარკეტინგის ხელმძღვანელის, დონ მაკგუაირის შეფასებით, ზოგიერთი კომპანია ფორმულა 1-ში სპონსორობის სანაცვლოდ ზედმეტად მაღალ თანხას იხდის. მისი თქმით, ბრენდების სიმრავლე ქმნის გადატვირთულ გარემოს, სადაც კომპანიებს მომხმარებლების ყურადღების მიპყრობა და კონკურენტებისგან გამორჩევა უჭირთ.
სპორტული მარკეტინგის სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ სპონსორობის ეფექტიანობის შეფასება მხოლოდ სატელევიზიო ტრანსლაციებში ლოგოს გამოჩენითა და აუდიტორიის მოცვით აღარ შეიძლება. კომპანიებისთვის სულ უფრო მნიშვნელოვანია იმის დადგენა, რამდენად ზრდის პარტნიორობა გაყიდვებს, მომხმარებელთა ჩართულობასა და ბრენდის ცნობადობას. ამასთან, სპონსორობის წარმატება მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად აქტიურად იყენებს კომპანია პარტნიორობას საკუთარი პროდუქტისა და ტექნოლოგიის წარმოსაჩენად.
მიუხედავად მაღალი დანახარჯებისა და ინვესტიციის უკუგების შეფასების სირთულისა, ფორმულა 1 ბრენდებისთვის მიმზიდველ პლატფორმად რჩება. ჩემპიონატის გლობალურმა აუდიტორიამ 2025 წელს 827 მილიონს მიაღწია, რაც წინა წელთან შედარებით 12%-იანი ზრდაა. აუდიტორიის გაფართოებას, განსაკუთრებით ახალგაზრდა მაყურებლებსა და ქალებს შორის, ხელი შეუწყო როგორც ჩემპიონატის საერთაშორისო პოპულარობის ზრდამ, ისე Netflix-ის დოკუმენტურმა სერიალმა „Drive to Survive“.