29 ნოემბრის აქციიდან სამედიცინო დაწესებულებებში, 40 ადამიანი გადაიყვანეს - ამის შესახებ "კომერსანტს ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს.
"29 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე გამართული საპროტესტო აქციიდან, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ჯგუფებმა, სამედიცინო დაწესებულებებში, გადაიყვანეს 40 ადამიანი. აქედან, აქციის 36 მონაწილე, მედიასაშუალების 2 და შინაგან საქმეთა სამინისტროს 2 წარმომადგენელია.
არც ერთი მათგანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება - ნაწილმა უკვე დატოვა სამედიცინო დაწესებულებები, ნაწილი კი მედიკოსების რეკომენდაციითა და მათი მეთვალყურეობის ქვეშ, კლინიკაში რჩება.
გარდა ამისა, ადგილზე, პირველადი სამედიცინო დახმარება გაეწიათ სხვა აქციის მონაწილეებს, მედიისა და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს, რომელთაც არ ესაჭიროებოდათ ჰოსპიტალიზაცია. აღნიშნული მონაცემები მოიცავს მხოლოდ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მიერ ჰოსპიტალიზებულთა რიცხვს", - ავრცელებს ჯანდაცვის სამინისტრო.
ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ ჯანდაცვის სამინისტრო გულგრილობაში დაადანაშაულა ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 29-30 ნოემბრის საპროტესტო აქციის დროს, სამართალდამცველთა მიერ პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის 107 პირია დაკავებული. ანუ უწყებამ ერთ ღამეში 107 ადამიანი დააკავა. მათივე ინფორმაციით, დაშავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს 10 თანამშრომელი.
მიმდინარე პროცესებისგან დისტანცირებისა და პროტესტის ნიშნად სამსახურები დატოვეს: ეროვნული ბანკის ასეულობით თანამშრომელმა, თბილისის მერიის თანამშრომლების ნაწილმა, იუსტიციის სახლის ათეულობით და საგარეო საქმეთა სამინისტროს ასეულობით თანამშრომელმა, პროსახელისუფლებო მედიის რამდენიმე ჟურნალისტმა. "ქართული ოცნების" ანტიდასავლურ პოლიტიკას გაემიჯნა სემეკისა და პარლამენტის თანამშრომლების ნაწილი. პოსტები დატოვეს და "ქართული ოცნების" ანტიევროპულ პოლიტიკას გაემიჯნენ ქართველი დიპლომატები, ელჩები.
ძალადობა დაგმო და ქართველ ხალხს თანადგომა გამოუცხადა სპორტსმენების ნაწილმა. პროტესტის ნიშნად დაიხურა რამდენიმე რესტორანი. გაკვეთილის ჩატარებაზე უარი თქვა რამდენიმე პედაგოგმა.
ხელისუფლების გადაწყვეტილება დაგმო სხვადასხვა დარგობრივმა ბიზნესგაერთიანებებმა და ასოციაციებმა.
სპექტაკლები გააუქმეს ან გადადეს თეატრებმა.