"ჯანდაცვის სამინისტრო იმ ხალხის სამინისტრო არ არის, რუსთაველზე რომ ასისხლიანებენ?" - ასე ეხმაურება ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი 29-30 ნოემბრის მოვლენებს.

მედიკოსი ჯანდაცვის სამინისტროს, როგორც მინიმუმ, გულგრილობაში ადანაშაულებს.

"ეს დღეები სულ 9 აპრილის კადრები მიდგება თვალწინ და მახსენდება საბჭოთა საქართველოს საბჭოთა ჯანდაცვის მინისტრი, მენაღარიშვილი, გულგახეთქილი ძალიან ხშირად რომ აწვდიდა მოსახლეობას განახლებულ ინფორმაციას დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. ახლა სამინისტროს ფეისბუქ გვერდზე რუტინული წარმატებებით ტკბობის მეტს ვერაფერს ნახავთ. სულაც რომ მართლა კრიმინალები დათარეშობდნენ რუსთაველზე, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მუდმივად არ უნდა იდებოდეს განახლებული ინფორმაცია? რა უცნაური გულგრილობაა:( " - წერს ინფექციონისტი, მაია ბუწაშვილი.

შეგახსენებთ, მეორე დღეა საქართველოს პარლამენტთან ევროინტეგრაციის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. დემონსტრანტები აპროტესტებს მთავრობის გადაწყვეტილებას, 2028 წლის ბოლომდე მოხსნან დღის წესრიგიდან საქართველოს ევროკავშირში გაწევრებაზე მოლაპარაკებების დაწყება.