პარლამენტის, მთავრობის ადმინისტრაციის, სემეკისა და სებ-ის თანამშრომლები ერთობლივ გაცხადებას ავრცელებენ, რომლითაც ემიჯნებიან "ქართული ოცნების" ანტიდასავლურ კურსს.
"ჩვენ, საქართველოს საჯარო სექტორში დასაქმებული პირები, გულწრფელად და ერთგულად ვემსახურებოდით და ვემსახურებით არა რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის, არამედ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, რაც გულისხმობს ჩვენი სამშობლოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ევროპული და ევრო ატლანტიკური მისწრაფებების დაცვას. მიგვაჩნია, რომ დღევანდელი გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოს დასავლეთთან ინტეგრაცია და ყველა იმ მექანიზმის ბოლომდე ათვისება, რომელსაც გვთავაზობს ეს პროცესი. მთელი ამ წლების განმავლობაში, ჩვენ მნიშვნელოვანი წვლილი შეგვქონდა ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგის შესრულების, ვიზალიბერალიზაციისა და ევროკავშირის საკანონმდებლო სივრცესთან დაახლოების პროცესში, იმ რწმენით, რომ ეს ჩვენი წინაპრებისგან გარდაუვალი სურვილით ნაკარნახევი, ადამიანზე ორიენტირებული და დაცული მომავლისთვის ყოველდღიური შრომა იყო. ვშრომობდით რა იმ მომავლისთვის, რომელიც თითოეულ ადამიანს ღირსეული ცხოვრების, კეთილდღეობის, თანასწორობის, განვითარებისა და ბედნიერებისკენ სწრაფვის საშუალებას აძლევს,ამ რწმენით, ცალსახად ვემიჯნებით 28 ნოემბერს გაკეთებულ განცხადებას და მკაცრად ვგმობთ საქართველოს მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტის არაპროპორციული ფორმებით დარბევას! ვადასტურებთ, ჩვენს განუხრელ ერთგულებას საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლში გაცხადებული, საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობის მიერ, არაერთხელ მკაფიოდ გამოხატული ნების მიმართ!ვემსახურებით საქართველოს!" - წერია განცხადებაში.
შეგახსენებთ, მეორე დღეა, საქართველოს პარლამენტთან ევროინტეგრაციის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. დემონსტრანტები აპროტესტებს მთავრობის გადაწყვეტილებას, 2028 წლის ბოლომდე მოხსნან დღის წესრიგიდან საქართველოს ევროკავშირში გაწევრებაზე მოლაპარაკებების დაწყება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 29-30 ნოემბრის საპროტესტო აქციის დროს, სამართალდამცველთა მიერ პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის 107 პირია დაკავებული. ანუ უწყებამ ერთ ღამეში 107 ადამიანი დააკავა. მათივე ინფორმაციით, დაშავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს 10 თანამშრომელი.
მიმდინარე პროცესებისგან დისტანცირებისა და პროტესტის ნიშნად სამსახურები დატოვეს: ეროვნული ბანკის ასეულობით თანამშრომელმა, თბილისის მერიის თანამშრომლების ნაწილმა, იუსტიციის სახლის ათეულობით და საგარეო საქმეთა სამინისტროს ასეულობით თანამშრომელმა, პროსახელისუფლებო მედიის რამდენიმე ჟურნალისტმა. პოსტები დატოვეს და "ქართული ოცნების" ანტიევროპულ პოლიტიკას გაემიჯნენ ქართველი დიპლომატები, ელჩები.
ძალადობა დაგმო და ქართველ ხალხს თანადგომა გამოუცხადა სპორტსმენების ნაწილმა. პროტესტის ნიშნად დაიხურა რამდენიმე რესტორანი. გაკვეთილის ჩატარებაზე უარი თქვა რამდენიმე პედაგოგმა.
ხელისუფლების გადაწყვეტილება დაგმო სხვადასხვა დარგობრივმა ბიზნესგაერთიანებებმა და ასოციაციებმა.
სპექტაკლები გააუქმეს ან გადადეს თეატრებმა.