"ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას ეროვნული ბანკის 140-ზე მეტი თანამშრომელი ემიჯნება. საჯარო განცხადება ღიაა და სებ-ის ნებისმიერ თანამშრომელს შეუძლია, შეუერთდეს.
"კომერსანტი" საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომლების საჯარო განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
"საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომლები, ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში, საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად, წლების განმავლობაში ვმუშაობდით ქართული საფინანსო სექტორის რეგულირების ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებაზე, რამაც მნიშვნელოვანწილად განაპირობა მდგრადი და სტაბილურად მზარდი საფინანსო სისტემა.
28 ნოემბერს გაკეთებული განცხადება, საქართველოს მხრიდან ევროკავშირთან მოლაპარაკებების დღის წესრიგიდან 2028 წლამდე ამოღების თაობაზე, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს და არ შეესაბამება ქვეყნის ისტორიულ მისწრაფებას - გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი.
საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომლები მხარს ვუჭერთ ქვეყნის ევროინტეგრაციის უწყვეტად და შეუქცევადად განხორციელებას", - ვკითხულობთ ერთობლივ განცხადებაში, რომლის ხელმომწერებს შორის არის სებ-ის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი დავით უტიაშვილიც.
შეგახსენებთ, მეორე დღეა, საქართველოს პარლამენტთან ევროინტეგრაციის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. დემონსტრანტები აპროტესტებს მთავრობის გადაწყვეტილებას, 2028 წლის ბოლომდე მოხსნან დღის წესრიგიდან საქართველოს ევროკავშირში გაწევრებაზე მოლაპარაკებების დაწყება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 29-30 ნოემბრის საპროტესტო აქციის დროს, სამართალდამცველთა მიერ პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის 107 პირია დაკავებული. ანუ უწყებამ ერთ ღამეში 107 ადამიანი დააკავა. მათივე ინფორმაციით, დაშავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს 10 თანამშრომელი.
მიმდინარე პროცესებისგან დისტანცირებისა და პროტესტის ნიშნად სამსახურები დატოვეს: იუსტიციის სახლის ათეულობით და საგარეო საქმეთა სამინისტროების ასეულობით თანამშრომელმა, პროსახელისუფლებო მედიის რამდენიმე ჟურნალისტმა.
ძალადობა დაგმო და ქართველ ხალხს თანადგომა გამოუცხადა სპორტსმენების ნაწილმა. პროტესტის ნიშნად დაიხურა რამდენიმე რესტორანი. გაკვეთილის ჩატარებაზე უარი თქვა რამდენიმე პედაგოგმა.
ხელისუფლების გადაწყვეტილება დაგმო სხვადასხვა დარგობრივმა ბიზნესგაერთიანებებმა და ასოციაციებმა.