ბათუმის მერია ქალაქში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის გადაადგილების აღკვეთას გეგმავს. მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერის პირობების მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ ამ მიზნით ქალაქ ბათუმსა და ცენტრალურ მაგისტრალებზე არანაკლებ 50 მეველე უნდა განათავსოს.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, მომსახურების მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს უმეთვალყურეოდ მოძრავი პირუტყვის დაჭერა და ქალაქის ტერიტორიაზე მისი გადაადგილების სრულად შეზღუდვა.

კომპანიას ყოველდღიური მონიტორინგის განხორციელება მოუწევს ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე, გონიო-კვარიათსა და დაბა ჩაქვში. პირუტყვის გადაადგილების კონტროლი ცენტრალურ ქუჩებსა და გზატკეცილებზე 09:00-დან 19:00 საათამდე უნდა განხორციელდეს. ზაფხულის სეზონზე, 1 მაისიდან 30 სექტემბრის ჩათვლით, სამუშაო საათები 08:00-დან 21:00 საათამდე განისაზღვრება.

ამასთან, ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს ერთი თვისა, გამარჯვებულმა კომპანიამ ზედამხედველს მეველეთა განაწილებისა და სამუშაო გრაფიკის შესახებ ინფორმაცია უნდა წარუდგინოს.

პირუტყვის გადაადგილების კონტროლი ტენდერით გათვალისწინებული 12 მომსახურებიდან მხოლოდ ერთ-ერთია. გამარჯვებულ კომპანიას ასევე დაევალება ტერიტორიების დასუფთავება, ნაგვის კონტეინერების გარეცხვა, ქუჩებისა და მოედნების მორწყვა-მორეცხვა, თოვლისგან გაწმენდა, ტექნიკური მარილის დაყრა და სანაპირო ზოლის დასუფთავება.

ბათუმის მერიამ მომსახურების შესყიდვაზე 15 400 700 ლარის ღირებულების ტენდერი 20 ნოემბერს გამოაცხადა. სატენდერო წინადადებების მიღება 16 დეკემბერს დაიწყება.