2026 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოს დერეფანში ტრაილერების რაოდენობა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 28 543 ერთეულით გაიზარდა. ამასთან, სატვირთო ავტომობილების გატარებიდან სახელმწიფო ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი თითქმის 10 მილიონი ლარით არის გაზრდილი.

კერძოდ, ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების მონაცემებით (კონსოლიდაციის გარეშე), 2026 წლის პირველ ათ თვეში სატვირთო ავტომობილების გატარებიდან ხაზინაში 151 808 996 ლარი შევიდა. 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში ამ მიმართულებით მიღებული შემოსავალი 141 818 670 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, წლიურმა ზრდამ 9 990 326 ლარი შეადგინა.

გაზრდილია საქართველოს დერეფანში გადაადგილებული ტრაილერების რაოდენობაც. ფინანსური მაჩვენებლების მიხედვით, 2026 წლის იანვარ-ოქტომბერში ქვეყნის დერეფანი 433 739-მა ტრაილერმა გადაკვეთა, გასული წლის იმავე პერიოდში კი მათი რაოდენობა 405 196 იყო. შესაბამისად, ზრდამ 28 543 სატვირთო ავტომობილი შეადგინა.

რაც შეეხება სრულ წლიურ მაჩვენებელს, 2025 წელს სატვირთო ავტომობილების გატარებიდან სახელმწიფო ხაზინაში ჯამურად 171 286 748 ლარი შევიდა. ამავე პერიოდში საქართველოს საზღვარი საშუალოდ 489 390-მა სატვირთო ავტომობილმა გადაკვეთა.

ცნობისთვის, საქართველოს საზღვარზე სატრანზიტო ტრაილერებისთვის გზათსარგებლობის მოსაკრებელი 350 ლარია. აღნიშნული ტარიფი 2022 წლის 20 ივნისიდან მოქმედებს. მანამდე სატვირთო ავტომობილების მძღოლებისთვის მოსაკრებელი 200 ლარს შეადგენდა.