საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 235-ზე მეტი თანამშრომელი ემიჯნება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას 2028 წლამდე შეაჩეროს ევროკავშირთან გაწევრებაზე მოლაპარაკება.
განცხადებაზე ხელმომწერთა რაოდენობა ცვალებადია და განცხადება ხელმოსაწერად ღია არის სააგენტოს ნებისმიერი თანამშრომლისთვის.
საერთო განცხადებაში თანამშრომლები ხაზს უსვამენ, ეს გადაწყვეტილება წინააღმდეგობაშია ქვეყნის კონსტიტუციის 78-ე მუხლთან.
"მივიჩნევთ, რომ ჩვენი, როგორც საქართველოს მოქალაქეების უმთავრესი მოვალეობა ჩვენი ქვეყნისა და თანამოქალაქეების გვერდით დგომაა.
ვაცნობიერებთ რა ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის მნიშვნელობას, ჩვენს ინდივიდუალურ თუ ერთობლივ პასუხისმგებლობას ჩვენი ქვეყნის წარსულის, აწმყოსა და მომავლის წინაშე, საქართველოს სახელმწიფო ინტერესებისათვის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან თანამშრომლობის აუცილებლობას, ქვეყნის ისტორიულ შესაძლებლობას, მიგვაჩნია, რომ 2028 წლამდე საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შეჩერება წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის მოთხოვნებთან. ერთგული ვრჩებით რა საქართველოს კონსტიტუციით გაცხადებული საქართველოს მოქალაქეთა ურყევი ნებისადმი, ვგმობთ ნებისმიერი სახის ძალადობას, მოვუწოდებთ ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლებს შეწყვიტონ ფიზიკური დაპირისპირება საქართველოს მოქალაქეებთან და ვემიჯნებით ყველა იმ ქმედებასა თუ გადაწყვეტილებას, რომელიც ეწინააღმდეგება თავად საქართველოს კონსტიტუციასა და კონკრეტულად მის 78-ე მუხლს.
ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საქართველოს ადგილი არის ჰუმანურ, დემოკრატიულ ღირებულებებსა და კანონის უზენაესობის პრინციპებზე დაფუძნებულ სახელმწიფოთა გვერდით. სწორედ იმ ღირებულებებსა და პრინციპებზე, რომლებიც თავად ქართველი ერის მრავალსაუკუნოვან სახელმწიფოებრიობის ტრადიციებსა და საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციის ისტორიულ-სამართლებრივ მემკვიდრეობას ეყრდნობა და ამდენად, არ არის მისთვის უცხო. მაშასადამე, მისი ღირსეული ადგილი სწორედ ევროპის სახელმწიფოთა ეკონომიკურ-პოლიტიკურ გაერთიანებაშია", - აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, მესამე დღეა, საქართველოს პარლამენტთან ევროინტეგრაციის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. დემონსტრანტები აპროტესტებს მთავრობის გადაწყვეტილებას, 2028 წლის ბოლომდე მოხსნან დღის წესრიგიდან საქართველოს ევროკავშირში გაწევრებაზე მოლაპარაკებების დაწყება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 29-30 ნოემბრის საპროტესტო აქციის დროს, სამართალდამცველთა მიერ პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის 107 პირია დაკავებული. ანუ უწყებამ ერთ ღამეში 107 ადამიანი დააკავა. მათივე ინფორმაციით, დაშავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს 10 თანამშრომელი. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 29 ნოემბრის აქციიდან სამედიცინო დაწესებულებებში 40 პირი გადაიყვანეს.
რამდენიმე ადამიანი დააკავეს აქციის მესამე დღესაც. სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ რამდენჯერმე გამოიყენა წყლის ჭავლი და ე.წ. გაზის კაფსულები. მოქალაქეები პიროტექნიკის გამოყენებით ცდილობდნენ, თავი დაეცვათ ძალოვნების შემოტევისგან. ამ დრომდე ჭავჭავაძის გამზირზე აქციის მონაწილეებს გადაკეტილი აქვთ გზები და ამტკიცებენ, რომ უწყვეტი პროტესტი გაგრძელდება.
მიმდინარე პროცესებისგან დისტანცირებისა და პროტესტის ნიშნად სამსახურები დატოვეს: ეროვნული ბანკის ასეულობით თანამშრომელმა, თბილისის მერიის თანამშრომლების ნაწილმა, იუსტიციის სახლის ათეულობით და საგარეო საქმეთა სამინისტროს ასეულობით თანამშრომელმა, საჯარო რეესტრის ასეულობით თანამშრომელმა, პროსახელისუფლებო მედიის რამდენიმე ჟურნალისტმა. "ქართული ოცნების" ანტიდასავლურ პოლიტიკას გაემიჯნა სემეკისა და პარლამენტის თანამშრომლების ნაწილი. პოსტები დატოვეს და "ქართული ოცნების" ანტიევროპულ პოლიტიკას გაემიჯნენ ქართველი დიპლომატები, ელჩები. საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცედურების შეწყვეტას გაემიჯნენ სოციალური მუშაკებიც. ძალადობა დაგმეს და ევროინტეგრაციის გზაზე მოქალაქეებს თანადგომა გამოუცხადეს მსხვილმა კომერციულმა ბანკებმაც.
ძალადობა დაგმო და ქართველ ხალხს თანადგომა გამოუცხადა სპორტსმენების ნაწილმა. პროტესტის ნიშნად დაიხურა რამდენიმე რესტორანი. გაკვეთილის ჩატარებაზე უარი თქვა რამდენიმე პედაგოგმა.
ხელისუფლების გადაწყვეტილება დაგმო სხვადასხვა დარგობრივმა ბიზნესგაერთიანებებმა და ასოციაციებმა.
სპექტაკლები გააუქმეს ან გადადეს თეატრებმა.
პრეზიდენტ ზურაბიშვილის შეფასებით, მასობრივი პროტესტი ეროვნულ დაუმორჩილებლობაში იზრდება.
საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა აშშ-მა.