„ფერმერთა სათათბიროს“ წევრი დარგობრივი ასოციაციები მთავრობის გადაწყვეტილებას, 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ჩახსნან ევროკავშირში გაწევრებაზე მოლაპარაკებები, გმობენ. ისინი ავრცელებენ საერთო განცხადებას, რომელსაც ხელს 10 ბიზნესგაერთიანება აწერს. 

„ჩვენ, „ფერმერთა სათათბიროს“ წევრი დარგობრივი ასოციაციები ვგმობთ მთავრობის გადაწყვეტილებას, 2028 წლამდე შეაჩეროს ევროკავშირთან ინტეგრაცია. ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესის დაჩქარება არის შესაძლებლობა, რომელიც გეოპოლიტიკური რეალობიდან დადგა დღის წესრიგში. ამდენად, მისი გამოყენება არის ჩვენი ქვეყნის შანსი, ხოლო არგამოყენება იქნება დიდი დანაშაული ქვეყნის წარსულთან, მის აწმყოსა და მომავალთან, მითუფრო, როდესაც ეს ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობის სურვილს გამოხატავს და კონსტიტუციით არის გამყარებული“, - წერია განცხადებაში, რომლის ხელმომწერები არიან:

• საქართველოს ფერმერთა ასოციაცია;

• საქართველოს აგროტურიზმის რეგიონული ასოციაცია;

• ასოციაცია მომავლის ფერმერი;

• მეფრინველეობის განვითარების ასოციაცია;

• საქართველოს თესლის მწარმოებლების და სანერგე მეურნეობების ასოციაცია;

• კენკრის მწარმოებელთა ასოციაცია;

• საქართველოს ჩაის მწარმოებელთა ასოციაცია;

• გაერთიანება ქართული ხორბალი;

• საქართველოს ნუშის და კაკლის მწარმოებელთა ასოციაცია;

• საქართველოს ტყის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაცია.

შეგახსენებთ, მეორე დღეა, საქართველოს პარლამენტთან ევროინტეგრაციის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. დემონსტრანტები აპროტესტებს მთავრობის გადაწყვეტილებას, 2028 წლის ბოლომდე მოხსნან დღის წესრიგიდან საქართველოს ევროკავშირში გაწევრებაზე მოლაპარაკებების დაწყება.  

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 29-30 ნოემბრის საპროტესტო აქციის დროს, სამართალდამცველთა მიერ პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის 107 პირია დაკავებული. ანუ უწყებამ ერთ ღამეში 107 ადამიანი დააკავა. მათივე ინფორმაციით, დაშავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს 10 თანამშრომელი. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 29 ნოემბრის აქციიდან სამედიცინო დაწესებულებებში 40 პირი გადაიყვანეს.  

მიმდინარე პროცესებისგან დისტანცირებისა და პროტესტის ნიშნად სამსახურები დატოვეს: ეროვნული ბანკის ასეულობით თანამშრომელმათბილისის მერიის თანამშრომლების ნაწილმა, იუსტიციის სახლის ათეულობით და საგარეო საქმეთა სამინისტროს ასეულობით თანამშრომელმა, პროსახელისუფლებო მედიის რამდენიმე ჟურნალისტმა. "ქართული ოცნების" ანტიდასავლურ პოლიტიკას გაემიჯნა სემეკისა და პარლამენტის თანამშრომლების ნაწილი. პოსტები დატოვეს და "ქართული ოცნების" ანტიევროპულ პოლიტიკას გაემიჯნენ ქართველი დიპლომატები, ელჩები.  საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცედურების შეწყვეტას გაემიჯნენ სოციალური მუშაკებიც.

ძალადობა დაგმო და ქართველ ხალხს თანადგომა გამოუცხადა სპორტსმენების ნაწილმა. პროტესტის ნიშნად დაიხურა რამდენიმე რესტორანი. გაკვეთილის ჩატარებაზე უარი თქვა რამდენიმე პედაგოგმა. 

ხელისუფლების გადაწყვეტილება დაგმო სხვადასხვა დარგობრივმა ბიზნესგაერთიანებებმა და ასოციაციებმა.

სპექტაკლები გააუქმეს ან გადადეს თეატრებმა.