„შატო ვარციხე“ საჯარო სამსახურებთან თანამშრომლობას წყვეტს იქამდე, ვიდრე ქვეყანა ევრო-ატლანტიკურ ვექტორზე არ დაბრუნდება - განცხადება მენეჯმენტმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.

„ქვეყანაში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, „შატო ვარციხე“ წყვეტს საჯარო სამსახურებთან თანამშრომლობას, ქვეყნის ევრო-ატლანტიკურ ვექტორზე დაბრუნებამდე“, -ვკითხულობთ „შატო ვარციხეს“ განცხადებაში.

შეგახსენებთ, მესამე დღეა, საქართველოს პარლამენტთან ევროინტეგრაციის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. დემონსტრანტები აპროტესტებს მთავრობის გადაწყვეტილებას, 2028 წლის ბოლომდე მოხსნან დღის წესრიგიდან საქართველოს ევროკავშირში გაწევრებაზე მოლაპარაკებების დაწყება.  

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 29-30 ნოემბრის საპროტესტო აქციის დროს, სამართალდამცველთა მიერ პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის 107 პირია დაკავებული. ანუ უწყებამ ერთ ღამეში 107 ადამიანი დააკავა. მათივე ინფორმაციით, დაშავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს 10 თანამშრომელი. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 29 ნოემბრის აქციიდან სამედიცინო დაწესებულებებში 40 პირი გადაიყვანეს.  

რამდენიმე ადამიანი დააკავეს აქციის მესამე დღესაც. სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ რამდენჯერმე გამოიყენა წყლის ჭავლი და ე.წ. გაზის კაფსულები. მოქალაქეები პიროტექნიკის გამოყენებით ცდილობდნენ, თავი დაეცვათ ძალოვნების შემოტევისგან. ამ დრომდე ჭავჭავაძის გამზირზე აქციის მონაწილეებს გადაკეტილი აქვთ გზები და ამტკიცებენ, რომ უწყვეტი პროტესტი გაგრძელდება.

მიმდინარე პროცესებისგან დისტანცირებისა და პროტესტის ნიშნად სამსახურები დატოვეს: ეროვნული ბანკის ასეულობით თანამშრომელმათბილისის მერიის თანამშრომლების ნაწილმა, იუსტიციის სახლის ათეულობით და საგარეო საქმეთა სამინისტროს ასეულობით თანამშრომელმა, საჯარო რეესტრის ასეულობით თანამშრომელმა, პროსახელისუფლებო მედიის რამდენიმე ჟურნალისტმა. "ქართული ოცნების" ანტიდასავლურ პოლიტიკას გაემიჯნა სემეკისა და პარლამენტის თანამშრომლების ნაწილი. პოსტები დატოვეს და "ქართული ოცნების" ანტიევროპულ პოლიტიკას გაემიჯნენ ქართველი დიპლომატები, ელჩებისაქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცედურების შეწყვეტას გაემიჯნენ სოციალური მუშაკებიც. ძალადობა დაგმეს და ევროინტეგრაციის გზაზე მოქალაქეებს თანადგომა გამოუცხადეს მსხვილმა კომერციულმა ბანკებმაც.

საქართველოს ევროპული გზიდან გადახვევა და რუსეთის წიაღში დაბრუნება კატეგორიულად მიუღებელია ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლებისთვისაც. იგივე პოზიცია აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალსაც, რომლებიც საჯარო განცხადებით გაემიჯნენ "კონსტიტუციისა და ევროკავშირში ინტეგრაციის კურსის ღალატის ნებისმიერ მცდელობას". ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე სვლის გაგრძელების მოთხოვნას შეუერთდნენ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები.

ამავე შინაარსის განცხადებებს ავრცელებენ და ევროკავშირთან მოლაპარაკების შეწყვეტას გმობენ სხვადასხვა საჯარო თუ კერძო ორგანიზაციები.

ძალადობა დაგმო და ქართველ ხალხს თანადგომა გამოუცხადა სპორტსმენების ნაწილმა.

პროტესტის ნიშნად, დაიხურა რამდენიმე რესტორანი. სტუმარმასპინძლობის ზოგიერთმა ობიექტმა თანამშრომლობა შეწყვიტა საჯარო სამსახურებთან.

სკოლებსა და უნივერსიტეტებში გაკვეთილებისა და ლექციების ჩატარებაზე უარი თქვა რამდენიმე პედაგოგმა და ლექტორმა. 

ხელისუფლების გადაწყვეტილება დაგმო სხვადასხვა დარგობრივმა ბიზნესგაერთიანებებმა და ასოციაციებმა.

სპექტაკლები გააუქმეს ან გადადეს თეატრებმა.

პრეზიდენტ ზურაბიშვილის შეფასებით, მასობრივი პროტესტი ეროვნულ დაუმორჩილებლობაში იზრდება

საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა აშშ-მა.

მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ეკონომიკურ რისკებზე ალაპარაკდა ბიზნესი.  მთავრობის ანტიდასავლური პოლიტიკის ეკონომიკურ საფრთხეზე დიდი ხანია საუბრობს სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის პრეზიდენტი პაატა ცაგარეიშვილიც. მისი თქმით, დასავლელი პარტნიორები 10 მილიარდი დოლარის დონაციას აკეთებენ საქართველოს ეკონომიკაში სხვადასხვა პროექტების დაფინანსებით, რომელთა შეწყვეტა ქვეყანას ეკონომიკურად დაანგრევს.