საქართველოში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტების ჯამური ღირებულება 10 მილიარდი ლარია და ეს პროექტები შესაძლოა გაჩერდეს, - ამის შესახებ სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი იუწყება.
როგორც ცენტრის პრეზიდენტი პაატა ცაგარეიშვილი ამ დაფინანსების ეკონომიკყურ მნიშვნელობას უსვამს ხაზს და სვამს რიტორიკულ კითხვას: "რომ არა დონორების დახმარების გარეშე ამ პროექტების განხორციელება, სად აღმოვჩნდებით? ამ პროექტების გარეშე შესაძლებელია "ორი ფეხით" შევიდეთ ევროპაში?"
"კომერსანტი" პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
„როგორ ფიქრობთ იოტისოდენად შეიბღალა ჩვენი წინაპრების ღირსება, მხოლოდ ამ მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებით, ჩვენ შიდა საქმეებში მოხდა ჩარევა?
რომ არა დონორების დახმარების გარეშე ამ პროექტების განხორციელება, სად აღმოვჩნდებით? ამ პროექტების გარეშე შესაძლებელია "ორი ფეხით" შევიდეთ ევროპაში?
იხილე პროექტების ჩამონათვალი - ჯამურად 10 მილიარდი ლარია.
დაუფიქრდით ხომ არ ემუქრება ამ პროექტებს გაჩერება? რას მოუტანს ქვეყნის ეკონომიკას, ამ პროექტების ბლოკირება?
ელექტროენერგეტიკული ქსელის განახლების პროექტი, ენერგეტიკის სექტორის ღია პროექტი,იმერეთისა და რაჭა - ლეჩხუმის რეგიონებში,ელექტროგადამცემი ქსელის გაძლიერების პროექტი,ელექტროგადამცემი ხაზების წყალტუბო - ახალციხე და ახალციხე - თორთუმის მშენებლობის პროექტი, გურიის და აჭარის ელექტროგადამცემი ხაზების ინფრასტრუქტურის გაძლიერების პროექტი, ელექტროენერგიის მიწოდების საიმედოობის და ფინანსური გაჯანსაღების პროექტი, ვარდნილისა და ენგურჰესის რეაბილიტაციის პროექტი, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი, მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობის პროექტი, საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტი, ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროექტი, ენგურის ჰიდროლოგიური ინიციატივის პროექტი, ენერგეტიკის სექტორის რეფორმირების პროექტი, მაღალმთიანი დასახლებების განვითარების პროექტი, ქალაქების საინვესტიციო პროექტი, ურბანული რეკონსტრუქციის და განვითარების პროექტი, მცხეთა-მთიანეთსა და სამცხე-ჯავახეთში რეგიონული განვითარების პროექტი, საცხოვრებლად ვარგისი ქალაქების პროექტი, საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროექტი, მუნიციპალიტეტებში ერთიანი ელექტრონული სერვისების პროექტი, ადგილობრივი თვითმმართველობის პროექტი, თბილისი - სენაკი - ლესელიძის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობა პროექტი, კახეთის საავტომობილო გზების მშენებლობის პროექტი, მცხეთა - სტეფანწმინდა - ლარსის საავტომობილო გზისა და გვირაბის მშენებლობის პროექტი, თბილისი - წითელი ხიდის საავტომობილო გზის მშენებლობის პროექტი, ალგეთი - სადახლოს საავტომობილო გზის მშენებლობის პროექტი, ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობის პროექტი, შიდა სახელმწიფოებრივი გზების აქტივების მართვის პროექტი, რიონზე ფოთის ხიდის მშენებლობის პროექტი, ურბანული წყალმომარაგების გაუმჯობესების პროექტი, იმერეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში კომუნალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების პროექტი, ქუთაისის წყალარინების (კანალიზაციის) პროექტი, აჭარის წყალმომარაგებისა და წყალარინების პროექტი, ხაშურის წყლის და წყალარინების სისტემების რეაბილიტაციის პროექტი, აჭარის მყარი ნარჩენების პროექტი, ქუთაისის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროექტი, კახეთსა და სამეგრელო - ზემო სვანეთში მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროექტი, თბილისის მყარი ნარჩენების მართვის პროექტი, ქვემო ქართლის მყარი ნარჩენების პროექტი, თბილისის ავტობუსების და მეტროპოლიტენის პარკის განახლების პროექტი, საერთაშორისო სტანდარტების მეტროს ვაგონის განახლების (ეტაპობრივი ჩანაცვლების) პროექტი, ურბანული რკინიგზის პროექტი, ინოვაცია, ინკლუზიური განათლება და ხარისხის პროექტი, თბილისის მეტროს მოდერნიზაციის პროექტი, 100 საჯარო სკოლის რეკონსტრუქციის პროექტი, მდგრადი ურბანული მობილობის პროექტი, „მწვანე წყალბადის“ წარმოება / მოხმარების საპილოტე პროექტი, პროფესიული განათლების პროექტი, ქუთაისის აეროპორტთან სატვირთო ტერმინალის მშენებლობის პროექტი, საზღვაო ტრანსპორტის გაციფრულების პროექტი, ტყის ინვენტარიზაციის პროექტი, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელის მოწყობის პროექტი, ცირკულარული ეკონომიკის განვითარებების პროექტი, კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკების შემცირების პროექტი, ბიომრავალფეროვნების და მდგრადი ადგილობრივი განვითარების პროექტი, საირიგაციო და სადრენაჟე ინფრასტრუქტურის პროექტი, მდგრადი სოფლის მეურნეობის პროექტი, ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების პროექტი, მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის პროექტი, ძლიერი სოფლის პროექტი, კლიმატგონივრული ირიგაციის სექტორის განვითარების პროექტი, ქვემო სამგორის საირიგაციო სისტემის რეაბილიტაციის პროექტი, ნავთობისა და გაზის კორპორაციის ევროობლიგაციების რეფინანსირების პროექტი, საქართველოს რკინიგზის ევროობლიგაციების რეფინანსირების პროექტი, ფისკალური მდგრადობისა და სოციალური დაცვის პროექტი, კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროექტი, ეკონომიკური უსაფრთხოების პროექტი, მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების დახმარებისა და აღდგენის პროექტი“, - ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, მესამე დღეა, საქართველოს პარლამენტთან ევროინტეგრაციის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. დემონსტრანტები აპროტესტებს მთავრობის გადაწყვეტილებას, 2028 წლის ბოლომდე მოხსნან დღის წესრიგიდან საქართველოს ევროკავშირში გაწევრებაზე მოლაპარაკებების დაწყება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 29-30 ნოემბრის საპროტესტო აქციის დროს, სამართალდამცველთა მიერ პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის 107 პირია დაკავებული. ანუ უწყებამ ერთ ღამეში 107 ადამიანი დააკავა. მათივე ინფორმაციით, დაშავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს 10 თანამშრომელი. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 29 ნოემბრის აქციიდან სამედიცინო დაწესებულებებში 40 პირი გადაიყვანეს.
რამდენიმე ადამიანი დააკავეს აქციის მესამე დღესაც. სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ რამდენჯერმე გამოიყენა წყლის ჭავლი და ე.წ. გაზის კაფსულები. მოქალაქეები პიროტექნიკის გამოყენებით ცდილობდნენ, თავი დაეცვათ ძალოვნების შემოტევისგან. ამ დრომდე ჭავჭავაძის გამზირზე აქციის მონაწილეებს გადაკეტილი აქვთ გზები და ამტკიცებენ, რომ უწყვეტი პროტესტი გაგრძელდება.
მიმდინარე პროცესებისგან დისტანცირებისა და პროტესტის ნიშნად სამსახურები დატოვეს: ეროვნული ბანკის ასეულობით თანამშრომელმა, თბილისის მერიის თანამშრომლების ნაწილმა, იუსტიციის სახლის ათეულობით და საგარეო საქმეთა სამინისტროს ასეულობით თანამშრომელმა, საჯარო რეესტრის ასეულობით თანამშრომელმა, პროსახელისუფლებო მედიის რამდენიმე ჟურნალისტმა. "ქართული ოცნების" ანტიდასავლურ პოლიტიკას გაემიჯნა სემეკისა და პარლამენტის თანამშრომლების ნაწილი. პოსტები დატოვეს და "ქართული ოცნების" ანტიევროპულ პოლიტიკას გაემიჯნენ ქართველი დიპლომატები, ელჩები. საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცედურების შეწყვეტას გაემიჯნენ სოციალური მუშაკებიც. ძალადობა დაგმეს და ევროინტეგრაციის გზაზე მოქალაქეებს თანადგომა გამოუცხადეს მსხვილმა კომერციულმა ბანკებმაც.
ძალადობა დაგმო და ქართველ ხალხს თანადგომა გამოუცხადა სპორტსმენების ნაწილმა. პროტესტის ნიშნად დაიხურა რამდენიმე რესტორანი. გაკვეთილის ჩატარებაზე უარი თქვა რამდენიმე პედაგოგმა.
ხელისუფლების გადაწყვეტილება დაგმო სხვადასხვა დარგობრივმა ბიზნესგაერთიანებებმა და ასოციაციებმა.
სპექტაკლები გააუქმეს ან გადადეს თეატრებმა.
პრეზიდენტ ზურაბიშვილის შეფასებით, მასობრივი პროტესტი ეროვნულ დაუმორჩილებლობაში იზრდება.
საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა აშშ-მა.