გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი მცხეთა-მთიანეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებს შეხვდა და მათ სამუშაო პირობებს ადგილზე გაეცნო - ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

„მცხეთა-მთიანეთის სატყეო სამსახურში 136 თანამშრომელია დასაქმებული, მათ შორის, 9 მეტყევე და 64 ტყის მცველია. რეაბილიტირებული სატყეო სამსახურის ოფისი რეგიონის 4 მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ემსახურება. ადგილობრივი მოსახლეობა განახლებულ სივრცეში სარგებლობს ეროვნული სატყეო სააგენტოს სერვისებით.

მინისტრმა თანამშრომლებთან გამართულ შეხვედრაზე სატყეო სექტორში მიმდინარე საკითხებზე ისაუბრა. აღინიშნა, რომ მეტყევის პროფესია საპასუხისმგებლო და, ამავე დროს, რთული და მაღალი რისკის შემცველია. დავით სონღულაშვილმა ყურადღება მეტყევეების სოციალურ გარანტიებსა და იმ საკანონმდებლო სიახლეებზე გაამახვილა, რომლებიც დასაქმებულთა მოტივაციას ზრდის.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად, მინისტრის მოადგილე კახა კაკაბაძე, სახელმწიფო რწმუნებული მცხეთა-მთიანეთის მხარეში ალექსანდრე ზაგაშვილი, მცხეთა-მთიანეთის დელეგატი დიმიტრი ხუნდაძე, ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი კახა ცერცვაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ“ - ნათქვამია ინფორმაციაში.