ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ მოუწოდებს საქართველოს მთავრობას შეცვალოს პოლიტიკური გადაწყვეტილება 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხის დღის წესრიგიდან ცალმხრივად მოხსნაზე, რაც კონტექსტის მიუხედავად, დამაზიანებელია ქვეყნის საერთაშორისო ურთიერთობებზე, არ პასუხობს საქართველოს მოსახლეობის მისწრაფებებს და არ ქმნის მკაფიო ნდობას ხელისუფლების ნებაზე საქართველო გახდეს ევროინტეგრაციის პროცესში მოწინავე ქვეყანა.

მეორეს მხრივ, ორგანიზაცია გმობს არაპროპორციულ ძალას მომიტინგეების მიმართ

მათი განმარტებით, ძალადობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ყველა ჯგუფს, რომელმაც გამოიწვია ძალადობა, ძალადობის მხარდაჭერა და ძალადობის პროვოცირება, რაც უკიდურესად აზიანებს საქართველოს დემოკრატიას, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების პატივისცემას, კანონის უზენაესობის პრინციპებსა და მნიშვნელოვნად აფერხებს ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე ამომრჩევლის უმრავლესობის ნებას ევროინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერა წარმოადგენდა, იმის მიუხედავად, რომელი პოლიტიკური სუბიექტის მიმართ გამოიხატა მხარდაჭერა. 2012 წლის შემდგომ ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეული ისტორიული შედეგები საჭიროებს დაცვას და განვითარებას. გაცხადებული მიზანი - „საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება წარმოადგენს საგარეო პოლიტიკის სტრატეგიულ მიზანს, რომელიც სრულად ასახავს ქვეყნის მოსახლეობის ურყევ ნებას, გახდეს დემოკრატიული ქვეყნების თანამეგობრობის ღირსეული და სრულუფლებიანი წევრი“ – მთავრობის არსებული განცხადებით, ფართო ინტერპრეტაციის საშუალებას ახდენს. საქართველო ევროკავშირისგან იმსახურებს  მოლაპარაკებების გახსნას, ამ რეალობის საწინაღმდეგო პოზიციის ოფიციალურ გაცხადებამდე კი, მთავრობის პოზიციას ობიექტური საფუძველი არ გააჩნდა. 

"მიგვაჩნია, რომ საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის მოთხოვნაც - კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად, წარმოადგენს ორმხრივად მავალდებულებელ პირობას. ინტეგრაცია მრავალმხრივი მოვლენაა, თავისთავად ვერ იქნება ცალმხრივი პროცესი. ამდენად, მნიშვნელოვანია ხელისუფლებამ შეცვალოს მიდგომა და ძალისხმევა მიმართული იქნეს მოლაპარაკებების გახსნის საკითხის დაწყებაზე. დაუშვებლად მიგვაჩნია, ევროინტეგრაციის პროცესი არ უნდა შეფერხდეს არც ევროკავშირის შესაბამისი სტრუქტურების სამომავლო გადაწყვეტილებებითაც, იმის მიუხედავად, რა ობიექტური თუ სუბიექტური პოლიტიკური დებატები უდევს საფუძვლად საქართველოში პოლიტიკური პროცესის შეფასებას. ევროინეტეგრაცია მთლიანად ეკუთნის საქართველოს ხალხს და დაუშვებელია, აღნიშნული პროცესის შეფერხება გამოყენებული იქნეს დასჯის მექანიზმად. 

მასთან, ნებისმიერი მოქალაქის და ჯგუფის გამოხატვის თავისუფლება კანონით დაცული სიკეთეა. გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში შეზღუდვაც სამართლებრივი სიკეთის შემადგენელი ნაწილია, რომელიც უნდა ემახურებოდეს ლეგიტიმურ მიზანს. ყველას აქვს აზრის გამოხატვისა და მშვიდობიანი შეკრების უფლება, დაუშვებელია ამ უფლების განხორციელების შეზღუდვა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ეს გათვალისწინებულია კანონით და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებისათვის, უწესრიგობის ან დანაშაულის აღსაკვეთად, ჯანმრთელობისა თუ მორალის ან სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად. 

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია, გაირკვეს, სახელმწიფოს მიერ რამდენად დამაჯერებელი და თანიმდევრული ძალისხმევა იქნა მიმართული ძალადობის თავიდან აცილების მიზნით და რატომ ვერ მოხერხდა ესკალაციის შეჩერება. საზოგადოება დემონსტრაციაზე აგრესიული ჯგუფების ქცევასაც ხედავს და მშვიდობიანი პროტესტის გამომხატველ მოქალაქეებსაც. ძალადობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ყველა ჯგუფს, რომელმაც გამოიწვია ძალადობა, ძალადობის მხარდაჭერა და ძალადობის პროვოცირება. ძალადობა დასაგმობია და მიზნის მიღწევის საშუალებას არ წარმოადგენს. ნებისმიერ შემთხვევაში, სამართლებრივ შესწავლას მოითხოვს სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებული საპირისპირო მოქმედებების ფარგლები და მოქმედება, მაგრამ შემთხვევები, რომელიც საზოგადოების წინაშე გახდა ცნობილი, ღიად ტოვებს არაპროპორციული ძალის გამოყენების ფაქტებზე მითითებას. ფაქტები შეეხება აქციის მონაწილე პირების მიმართ ფიზიკურ დასჯას, რა დროსაც, ძალის გამოყენების არავითარი კანონით გათვალისწინებული წინაპირობა ან საფუძველი, არ არსებობდა. 

ამასთან, ორგანიზაცია გმობს პროფესიული საქმიანობის განხორციელების დროს ჟურნალისტების მიმართ განხორციელებულ თავდასხმებს, რომელიც შესაძლებელია მოტივირებული ყოფილიყო კრიტიკული აზრის მიმართ წინასწარი შეცნობით. ორგანიზაცია სოლიდარულია ჟურნალისტური კორპუსის მიმართ, რომელთა საქმიანობასაც ხელი შეეშალა," - ვკითხულობთ ორგანიოზაციის განცხადებაში. 

ახალგაზრდა ადვოკატები მთავრობას, შსს და პოლიტიკურ პარტიებს სთხოვენ აქციის მონაწილე მოქალაქეებისთვის უსაფრთხოების გარანტიებს. 

შეგახსენებთ, მესამე დღეა, საქართველოს პარლამენტთან ევროინტეგრაციის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. დემონსტრანტები აპროტესტებს მთავრობის გადაწყვეტილებას, 2028 წლის ბოლომდე მოხსნან დღის წესრიგიდან საქართველოს ევროკავშირში გაწევრებაზე მოლაპარაკებების დაწყება.  

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 29-30 ნოემბრის საპროტესტო აქციის დროს, სამართალდამცველთა მიერ პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის 107 პირია დაკავებული. ანუ უწყებამ ერთ ღამეში 107 ადამიანი დააკავა. მათივე ინფორმაციით, დაშავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს 10 თანამშრომელი. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 29 ნოემბრის აქციიდან სამედიცინო დაწესებულებებში 40 პირი გადაიყვანეს.  

რამდენიმე ადამიანი დააკავეს აქციის მესამე დღესაც. სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ რამდენჯერმე გამოიყენა წყლის ჭავლი და ე.წ. გაზის კაფსულები. მოქალაქეები პიროტექნიკის გამოყენებით ცდილობდნენ, თავი დაეცვათ ძალოვნების შემოტევისგან. ამ დრომდე ჭავჭავაძის გამზირზე აქციის მონაწილეებს გადაკეტილი აქვთ გზები და ამტკიცებენ, რომ უწყვეტი პროტესტი გაგრძელდება.

დედაქალაქის გარდა, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს რეგიონებშიც: ზუგდიდშიქუთაისში, ხაშურში, გორში, საჩხერეშიახმეტაში.

მიმდინარე პროცესებისგან დისტანცირებისა და პროტესტის ნიშნად სამსახურები დატოვეს: ეროვნული ბანკის ასეულობით თანამშრომელმათბილისის მერიის თანამშრომლების ნაწილმა, იუსტიციის სახლის ათეულობით და საგარეო საქმეთა სამინისტროს ასეულობით თანამშრომელმა, საჯარო რეესტრის ასეულობით თანამშრომელმა, პროსახელისუფლებო მედიის რამდენიმე ჟურნალისტმა. "ქართული ოცნების" ანტიდასავლურ პოლიტიკას გაემიჯნა სემეკისა და პარლამენტის თანამშრომლების ნაწილი. პოსტები დატოვეს და "ქართული ოცნების" ანტიევროპულ პოლიტიკას გაემიჯნენ ქართველი დიპლომატები, ელჩებისაქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცედურების შეწყვეტას გაემიჯნენ სოციალური მუშაკებიც. ძალადობა დაგმეს და ევროინტეგრაციის გზაზე მოქალაქეებს თანადგომა გამოუცხადეს მსხვილმა კომერციულმა ბანკებმაც.

საქართველოს ევროპული გზიდან გადახვევა და რუსეთის წიაღში დაბრუნება კატეგორიულად მიუღებელია ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლებისთვისაც. იგივე პოზიცია აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალსაც, რომლებიც საჯარო განცხადებით გაემიჯნენ "კონსტიტუციისა და ევროკავშირში ინტეგრაციის კურსის ღალატის ნებისმიერ მცდელობას". ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე სვლის გაგრძელების მოთხოვნას შეუერთდნენ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები.

ამავე შინაარსის განცხადებებს ავრცელებენ და ევროკავშირთან მოლაპარაკების შეწყვეტას გმობენ სხვადასხვა საჯარო თუ კერძო ორგანიზაციები.

ძალადობა დაგმო და ქართველ ხალხს თანადგომა გამოუცხადა სპორტსმენების ნაწილმა.

ხელისუფლებას ევროკავშირში გაწევრებაზე მოლაპარაკებების შეჩერებაზე გადაწყვეტილების შეცვლას სთხოვს "ახალგაზრდა ადვოკატები".

პროტესტის ნიშნად, დაიხურა რამდენიმე რესტორანი. სტუმარმასპინძლობის ზოგიერთმა ობიექტმა თანამშრომლობა შეწყვიტა საჯარო სამსახურებთან.

საზოგადოებას და პროფესიულ ჯგუფებს მობილიზება და ხალხის გვერდით დგომა სთხოვეს მეღვინეებმა. მათი შეფასებით, "საქართველოს თვითმარქვია ხელისუფლება გავიდა ყველანაირი კონსტიტუციური ფარგლებიდან" და ახლა მხოლოდ ქუჩაში დგომის დროა.

სკოლებსა და უნივერსიტეტებში გაკვეთილებისა და ლექციების ჩატარებაზე უარი თქვა რამდენიმე პედაგოგმა და ლექტორმა. 

ხელისუფლების გადაწყვეტილება დაგმეს სხვადასხვა დარგობრივმა ბიზნესგაერთიანებებმა და ასოციაციებმა.

სპექტაკლები გააუქმეს ან გადადეს თეატრებმა. ქართული ფილმების ჩვენება გააუქმა თბილისის კონოფესტივალმა

მთავრობას კონსტიტუციის დაცვისკენ მოუწოდებს საქართველოს შშმ პირთა ქსელი. მათი მოთხოვნაა საქართველო დაბრუნება ევროპულ ორბიტაზე, არა შორეულ და გაურკვეველ მომავალში, არამედ უმოკლეს ვადებში, რადგან ევროპული მომავალი და ქვეყნის განვითარება პირდაპირ უკავშირდება შშმ პირთა კეთილდღეობას.

პრეზიდენტ ზურაბიშვილის შეფასებით, მასობრივი პროტესტი ეროვნულ დაუმორჩილებლობაში იზრდება. პრეზიდენტი ამბობს, რომ ის პოლიტიკურ პროცესებს სათავრეში ჩაუდგება, რადგან ახლა პრეზიდენტის აპარატი ერთადერთი დამოუკიდებელი, ლეგიტიმური ინსტიტუტია, რომელიც ქვეყანაში დარჩა.

საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა აშშ-მა, რაც, სპეციალისტების შეფასებით, ნიშნავს იმას, რომ "ქართულმა ოცნებამ" ჰაერში დაკიდა ქვეყნის  თავდაცვისუნარიანობა, შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ურთიერთობა, განათლების პროგრამები და არაღიარების პოლიტიკა. 

მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ეკონომიკურ რისკებზე ალაპარაკდა ბიზნესი.  მთავრობის ანტიდასავლური პოლიტიკის ეკონომიკურ საფრთხეზე დიდი ხანია საუბრობს სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის პრეზიდენტი პაატა ცაგარეიშვილიც. მისი თქმით, დასავლელი პარტნიორები 10 მილიარდი დოლარის დონაციას ახდენენ საქართველოს ეკონომიკაში სხვადასხვა პროექტების დაფინანსებით, რომელთა შეწყვეტა ქვეყანას ეკონომიკურად დაანგრევს.