"შედგა ეროვნული თანხმობა ყველგან, სადაც შეიძლებოდა და ყოველ წუთს ჩანს, რომ ეს ეროვნული თანხმობა უფრო და უფრო ძლიერდება... მეამაყება საქართველო," - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

"საკმარისი ვახსენოთ, რომ თუნდაც დღეს დიპლომატიურ კორპუსში, ბიზნესში, ფოთის პორტში და კიდევ სად და სად, ძლიერდება ეროვნული თანხმობა. ეს არის ჩვენი ძალა. მინდა საზოგადოებას ვუთხრა - აქაც, პრეზიდენტთან, რომელიც დღეს არის ერთადერთი დამოუკიდებელი ინსტიტუტი, ერთადერთი ლეგიტიმური ინსტიტუტი, რაც ქვეყანაში დარჩა, შედგა ეროვნული თანხმობა. ჩემთან, ჩემს ირგვლივ და იმისთვის, რომ თქვენ გემსახუროთ“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა და დაამატა, რომ პრეზიდენტის აპარატი ერთადერთი დამოუკიდებელი, ლეგიტიმური ინსტიტუტია, რომელიც ქვეყანაში დარჩა.

"ჩემთან, ჩემს ირგვლივ და იმისთვის, რომ თქვენ გემსახუროთ, ხვალ შეიკრიბება საზოგადოება და პოლიტიკური პარტიები და ერთად ვმართავთ პროცესის იმ პოლიტიკურ ნაწილს, რომელსაც თქვენ მართავთ გარეთ, ქუჩაში და ყველგან სადაც ხართ. ჩვენ ერთად გავაკეთებთ საქმეს, წარმოვადგენ იმ მომავალს, რომელსაც ძალიან მალე მივაღწევთ ახალი არჩევნებით, ახალი საქართველო, რომელიც დაიბრუნებს თავის ევროპულ გზას, თავის დამოუკიდებლობას და რაც მთავარია, თავის განვითარების თავისუფალ გზას, რომელსაც არავის არ დავუთმობთ. ხვალ ჩვენ შევხვდებით კიდევ, ჩემთან ერთად იქნებიან ის ადამიანები, რომლებიც მე მოვიწვიე და რომლებთან ერთადაც ამ პოლიტიკური პროცესის სათავეში ვიქნები. იმიტომ რომ მე ვრჩები როგორც თქვენი პრეზიდენტი. არ არსებობს ლეგიტიმური პარლამენტი, მაშასადამე არალეგიტიმური პარლამენტი ვერ აირჩევს ახალ პრეზიდენტს, მაშასადამე ინაუგურაცია ვერ იქნება და ჩემი მანდატი გრძელდება მანამ, სანამ არ იქნება ლეგიტიმურად არჩეული პარლამენტი, რომელიც ლეგიტიმურად აირჩევს ვინც მე უნდა შემცვალოს. მე თქვენთან ვარ და ვიქნები",- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

შეგახსენებთ, მესამე დღეა, საქართველოს პარლამენტთან ევროინტეგრაციის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. დემონსტრანტები აპროტესტებს მთავრობის გადაწყვეტილებას, 2028 წლის ბოლომდე მოხსნან დღის წესრიგიდან საქართველოს ევროკავშირში გაწევრებაზე მოლაპარაკებების დაწყება.  

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 29-30 ნოემბრის საპროტესტო აქციის დროს, სამართალდამცველთა მიერ პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის 107 პირია დაკავებული. ანუ უწყებამ ერთ ღამეში 107 ადამიანი დააკავა. მათივე ინფორმაციით, დაშავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს 10 თანამშრომელი. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 29 ნოემბრის აქციიდან სამედიცინო დაწესებულებებში 40 პირი გადაიყვანეს.  

მიმდინარე პროცესებისგან დისტანცირებისა და პროტესტის ნიშნად სამსახურები დატოვეს: ეროვნული ბანკის ასეულობით თანამშრომელმათბილისის მერიის თანამშრომლების ნაწილმა, იუსტიციის სახლის ათეულობით და საგარეო საქმეთა სამინისტროს ასეულობით თანამშრომელმა, პროსახელისუფლებო მედიის რამდენიმე ჟურნალისტმა. "ქართული ოცნების" ანტიდასავლურ პოლიტიკას გაემიჯნა სემეკისა და პარლამენტის თანამშრომლების ნაწილი. პოსტები დატოვეს და "ქართული ოცნების" ანტიევროპულ პოლიტიკას გაემიჯნენ ქართველი დიპლომატები, ელჩები.  საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცედურების შეწყვეტას გაემიჯნენ სოციალური მუშაკებიც.

ძალადობა დაგმო და ქართველ ხალხს თანადგომა გამოუცხადა სპორტსმენების ნაწილმა. პროტესტის ნიშნად დაიხურა რამდენიმე რესტორანი. გაკვეთილის ჩატარებაზე უარი თქვა რამდენიმე პედაგოგმა. 

ხელისუფლების გადაწყვეტილება დაგმო სხვადასხვა დარგობრივმა ბიზნესგაერთიანებებმა და ასოციაციებმა.

სპექტაკლები გააუქმეს ან გადადეს თეატრებმა.