"შედგა ეროვნული თანხმობა ყველგან, სადაც შეიძლებოდა და ყოველ წუთს ჩანს, რომ ეს ეროვნული თანხმობა უფრო და უფრო ძლიერდება" - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ეროვნული თანხმობა შედგა მთავარზე, რომ არ შეიძლება ვინმემ წაართვას საქართველოს დამოუკიდებლობა და ვინმემ დააბრუნოს საქართველო რუსეთში.
„ძალიან მეამაყებით, მეამაყება საქართველო. შედგა ეროვნული თანხმობა მთავარზე - რომ არ შეიძლება ვინმემ წაართვას საქართველოს დამოუკიდებლობა, რომ არ შეიძლება ვინმემ დააბრუნოს საქართველო რუსეთში, რომ არ შეიძლება ვინმემ წაართვას საქართველოს თავისი ნება და ევროპული მომავალი. შედგა ეს ეროვნული თანხმობა ყველგან, სადაც შეიძლებოდა, ყოველ წუთს ჩანს, რომ ეს ეროვნული თანხმობა უფრო და უფრო ძლიერდება. საკმარისი ვახსენოთ, რომ თუნდაც დღეს დიპლომატიურ კორპუსში, ბიზნესში, ფოთის პორტში და კიდევ სად და სად, ძლიერდება ეროვნული თანხმობა. ეს არის ჩვენი ძალა. მინდა საზოგადოებას ვუთხრა - აქაც, პრეზიდენტთან, რომელიც დღეს არის ერთადერთი დამოუკიდებელი ინსტიტუტი, ერთადერთი ლეგიტიმური ინსტიტუტი, რაც ქვეყანაში დარჩა, შედგა ეროვნული თანხმობა. ჩემთან, ჩემს ირგვლივ და იმისთვის, რომ თქვენ გემსახუროთ“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
შეგახსენებთ, მესამე დღეა, საქართველოს პარლამენტთან ევროინტეგრაციის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. დემონსტრანტები აპროტესტებს მთავრობის გადაწყვეტილებას, 2028 წლის ბოლომდე მოხსნან დღის წესრიგიდან საქართველოს ევროკავშირში გაწევრებაზე მოლაპარაკებების დაწყება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 29-30 ნოემბრის საპროტესტო აქციის დროს, სამართალდამცველთა მიერ პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის 107 პირია დაკავებული. ანუ უწყებამ ერთ ღამეში 107 ადამიანი დააკავა. მათივე ინფორმაციით, დაშავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს 10 თანამშრომელი. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 29 ნოემბრის აქციიდან სამედიცინო დაწესებულებებში 40 პირი გადაიყვანეს.
მიმდინარე პროცესებისგან დისტანცირებისა და პროტესტის ნიშნად სამსახურები დატოვეს: ეროვნული ბანკის ასეულობით თანამშრომელმა, თბილისის მერიის თანამშრომლების ნაწილმა, იუსტიციის სახლის ათეულობით და საგარეო საქმეთა სამინისტროს ასეულობით თანამშრომელმა, პროსახელისუფლებო მედიის რამდენიმე ჟურნალისტმა. "ქართული ოცნების" ანტიდასავლურ პოლიტიკას გაემიჯნა სემეკისა და პარლამენტის თანამშრომლების ნაწილი. პოსტები დატოვეს და "ქართული ოცნების" ანტიევროპულ პოლიტიკას გაემიჯნენ ქართველი დიპლომატები, ელჩები. საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცედურების შეწყვეტას გაემიჯნენ სოციალური მუშაკებიც.
ძალადობა დაგმო და ქართველ ხალხს თანადგომა გამოუცხადა სპორტსმენების ნაწილმა. პროტესტის ნიშნად დაიხურა რამდენიმე რესტორანი. გაკვეთილის ჩატარებაზე უარი თქვა რამდენიმე პედაგოგმა.
ხელისუფლების გადაწყვეტილება დაგმო სხვადასხვა დარგობრივმა ბიზნესგაერთიანებებმა და ასოციაციებმა.
სპექტაკლები გააუქმეს ან გადადეს თეატრებმა.