ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ ფიქრობს, რომ მთავრობის გადაწყვეტილება, ევროკავშირში გაწევრებაზე მოლაპარაკებების 2028 წლამდე შეჩერების თაობაზე, უნდა შეიცვალოს.
ორგანიზაცია საქართველოს მთავრობას, შსს-ს და პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს:
- საქართველოს მთავრობას, სამოქალაქო მშვიდობისა უზრუნველყოფისა და სამოქალაქო დაპირისპირების თავიდან არიდების მაღალი ინტერესებიდან გამომდინარე მიიღოს დაუყოვნებლივი და გადამჭრელი ზომები პოლიტიკური პროცესების დეესკალაცისთვის და პოლარიზაციის შესამცირებლად. პოლიტიკური მოვლენების განვითარების ინიციატივა ხელისუფლების ხელშია და სწორედ ხელისუფლების პასუხისმგებლობაა პროცესების მშვიდობიან და არაძალადობრივ რეჟიმში დაბრუნების მექანიზმი.
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს სამოქალაქო პირებსა და პროფესიული საქმიანობის დროს მძიმედ დაშავებული ჟურნალისტების საქმეების ობიექტური შესწავლისკენ. საგამოძიებო და საპროცესო მოქმდებები არ უნდა აყოვნებდეს საზოგადოებრივ ინტერესს და საჭიროა, შემჭიდროვებლ ვადებში საზოგადოებას მიეწოდოს ინფორმაცია დაზიანების სიმძიმის ადეკვატურ სამართლებრივი პასუხისმგებლობის დადგენის შესახებ, დამნაშავე პირების გამოვლენისა და მართლმსჯაულების წინაშე წარდგენის შესახებ. თითოეული ფაქტის გამოვლენას და დაზარალებულად ცნობის სამართლებრივი სტატუსის მიღებას კანონიერი ინტერესი გააჩნია, რათა სრულად იქნეს მორალური და მატერიალური ზიანისთვის შემდგომი იურიდიული პროცედურები წარმართული.
- პოლიტიკურ პარტიებს, შექმნან პარტიული დღის წესრიგიდან განსხვავებული პოზიცია და არ მოახდინონ პროცესების რადიკალიზაციის მხარდაჭერა. მიგვაჩნია, რომ საზოგადოებამ კანონის უზენაესობის პრინციპის მიმართ ერთგულება სწორედ პარტიებისა და პოლიტიკოსების პირადი მაგალითიდან უნდა დაინახონ, რაც ამ დრომდე, არ ჩანს. პარტიების მიერ ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური პროცესის შედეგია განსხვავებული აზრის მიმართ უპატივცემულობა, განსხვავებული აზრის დევნა და პიროვნების ღირსების შელახვა, რომლის შეცვლის სტრატეგია ან გაცხადებული მიზანი, არც ერთ პარტიას საქართველოში, არ აქვს. მიგვაჩნია, რომ სამოქალაქო დაპირისპირების არიდების ვალდებულება, მმართველ პოლიტიკურ პარტიასთან ერთად, საპარლანმენტო და არასაპარლამენტო პარტიების პირდაპირი პასუხისმგებლობის საკითხია.
შეგახსენებთ, მესამე დღეა, საქართველოს პარლამენტთან ევროინტეგრაციის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. დემონსტრანტები აპროტესტებს მთავრობის გადაწყვეტილებას, 2028 წლის ბოლომდე მოხსნან დღის წესრიგიდან საქართველოს ევროკავშირში გაწევრებაზე მოლაპარაკებების დაწყება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 29-30 ნოემბრის საპროტესტო აქციის დროს, სამართალდამცველთა მიერ პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის 107 პირია დაკავებული. ანუ უწყებამ ერთ ღამეში 107 ადამიანი დააკავა. მათივე ინფორმაციით, დაშავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს 10 თანამშრომელი. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 29 ნოემბრის აქციიდან სამედიცინო დაწესებულებებში 40 პირი გადაიყვანეს.
რამდენიმე ადამიანი დააკავეს აქციის მესამე დღესაც. სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ რამდენჯერმე გამოიყენა წყლის ჭავლი და ე.წ. გაზის კაფსულები. მოქალაქეები პიროტექნიკის გამოყენებით ცდილობდნენ, თავი დაეცვათ ძალოვნების შემოტევისგან. ამ დრომდე ჭავჭავაძის გამზირზე აქციის მონაწილეებს გადაკეტილი აქვთ გზები და ამტკიცებენ, რომ უწყვეტი პროტესტი გაგრძელდება.
დედაქალაქის გარდა, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს რეგიონებშიც: ზუგდიდში, ქუთაისში, ხაშურში, გორში, საჩხერეში, ახმეტაში.
მიმდინარე პროცესებისგან დისტანცირებისა და პროტესტის ნიშნად სამსახურები დატოვეს: ეროვნული ბანკის ასეულობით თანამშრომელმა, თბილისის მერიის თანამშრომლების ნაწილმა, იუსტიციის სახლის ათეულობით და საგარეო საქმეთა სამინისტროს ასეულობით თანამშრომელმა, საჯარო რეესტრის ასეულობით თანამშრომელმა, პროსახელისუფლებო მედიის რამდენიმე ჟურნალისტმა. "ქართული ოცნების" ანტიდასავლურ პოლიტიკას გაემიჯნა სემეკისა და პარლამენტის თანამშრომლების ნაწილი. პოსტები დატოვეს და "ქართული ოცნების" ანტიევროპულ პოლიტიკას გაემიჯნენ ქართველი დიპლომატები, ელჩები. საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცედურების შეწყვეტას გაემიჯნენ სოციალური მუშაკებიც. ძალადობა დაგმეს და ევროინტეგრაციის გზაზე მოქალაქეებს თანადგომა გამოუცხადეს მსხვილმა კომერციულმა ბანკებმაც.
საქართველოს ევროპული გზიდან გადახვევა და რუსეთის წიაღში დაბრუნება კატეგორიულად მიუღებელია ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლებისთვისაც. იგივე პოზიცია აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალსაც, რომლებიც საჯარო განცხადებით გაემიჯნენ "კონსტიტუციისა და ევროკავშირში ინტეგრაციის კურსის ღალატის ნებისმიერ მცდელობას". ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე სვლის გაგრძელების მოთხოვნას შეუერთდნენ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები.
ამავე შინაარსის განცხადებებს ავრცელებენ და ევროკავშირთან მოლაპარაკების შეწყვეტას გმობენ სხვადასხვა საჯარო თუ კერძო ორგანიზაციები.
ძალადობა დაგმო და ქართველ ხალხს თანადგომა გამოუცხადა სპორტსმენების ნაწილმა.
პროტესტის ნიშნად, დაიხურა რამდენიმე რესტორანი. სტუმარმასპინძლობის ზოგიერთმა ობიექტმა თანამშრომლობა შეწყვიტა საჯარო სამსახურებთან.
საზოგადოებას და პროფესიულ ჯგუფებს მობილიზება და ხალხის გვერდით დგომა სთხოვეს მეღვინეებმა. მათი შეფასებით, "საქართველოს თვითმარქვია ხელისუფლება გავიდა ყველანაირი კონსტიტუციური ფარგლებიდან" და ახლა მხოლოდ ქუჩაში დგომის დროა.
სკოლებსა და უნივერსიტეტებში გაკვეთილებისა და ლექციების ჩატარებაზე უარი თქვა რამდენიმე პედაგოგმა და ლექტორმა.
ხელისუფლების გადაწყვეტილება დაგმეს სხვადასხვა დარგობრივმა ბიზნესგაერთიანებებმა და ასოციაციებმა.
სპექტაკლები გააუქმეს ან გადადეს თეატრებმა.
პრეზიდენტ ზურაბიშვილის შეფასებით, მასობრივი პროტესტი ეროვნულ დაუმორჩილებლობაში იზრდება. პრეზიდენტი ამბობს, რომ ის პოლიტიკურ პროცესებს სათავრეში ჩაუდგება, რადგან ახლა პრეზიდენტის აპარატი ერთადერთი დამოუკიდებელი, ლეგიტიმური ინსტიტუტია, რომელიც ქვეყანაში დარჩა.
საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა აშშ-მა, რაც, სპეციალისტების შეფასებით, ნიშნავს იმას, რომ "ქართულმა ოცნებამ" ჰაერში დაკიდა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა, შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ურთიერთობა, განათლების პროგრამები და არაღიარების პოლიტიკა.
მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ეკონომიკურ რისკებზე ალაპარაკდა ბიზნესი. მთავრობის ანტიდასავლური პოლიტიკის ეკონომიკურ საფრთხეზე დიდი ხანია საუბრობს სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის პრეზიდენტი პაატა ცაგარეიშვილიც. მისი თქმით, დასავლელი პარტნიორები 10 მილიარდი დოლარის დონაციას ახდენენ საქართველოს ეკონომიკაში სხვადასხვა პროექტების დაფინანსებით, რომელთა შეწყვეტა ქვეყანას ეკონომიკურად დაანგრევს.