არაბული ქვეყნებიდან ტურისტების რაოდენობა, წინა წლებთან შედარებით, შემცირებულია, - ამის შესახებ ტურისტული კომპანია Boss Tours-ის მარკეტინგის მენეჯერმა მარიამ მაისურაძემ „ბიზნესპარტნიორთან“ განაცხადა.

მისივე შეფასებით, აღნიშნულის მიზეზი შესაძლოა ფასების ზრდა გახდა, რადგან საქართველო ბიუჯეტურ მიმართულებად აღარ ითვლება.

მარიამ მაისურაძის თქმით, კომპანიის მომხმარებლების ყველაზე მეტი რაოდენობა რუსეთიდან არიან.

ჯგუფურ ტურებზე ყველაზე მოთხოვნადი გუდაურისა და კახეთის მიმართულებებია, თუმცა ზაფხულის სეზონზე ასევე, აქტუალურია კანიონები. ბოლო პერიოდში, დაშბაშის კანიონის გაზრდილი ცნობადობის ფონზე ტურისტები ხშირას სწორედ აღნიშნულ მიმართულებას ირჩევენ.

რაც შეეხება თბილისს - დედაქალაქში ყველაზე მოთხოვნადი ნავით მტკვარზე გასეირნებაა. ჩვენი მომხმარებლების 100% უცხოელია და მათ შორის, ყველაზე მეტი რუსეთის, არაბული ქვეყნების, თურქეთისა და ინდოეთის მოქალაქეები არიან. ბოლო პერიოდში, გაიზარდა ებრაელი ტურისტების რიცხვი.

რაც შეეხება ევროპელ და აზიელ ტურისტებს - მათი რაოდენობა საკმაოდ მცირეა, თუმცა მომხმარებლები გვყავდნენ გერმანიიდან, ჩინეთიდან და ფილიპინებიდან.

წინა წლის ანალოგიურ პერიოდს თუ შევადარებთ მომხმარებლების სეგმენტაცია თითქმის იდენტური იყო, თუმცა აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ არაბული ქვეყნებიდან გასულ წლებში უფრო მეტი ტურისტი გვსტუმრობდა“, - აცხადებს მარიამ მაისურაძე.

ცნობისთვის, ტურისტული კომპანია Boss Tours, რომელიც თბილისში შარდენის ქუჩაზე მდებარეობს - მომხმარებლებს საქართველოს მასშტაბით როგორც ჯგუფურ, ასევე ინდივიდუალურ ტურებს სთავაზობს. მათ შორის, თბილისში ქალაქის ტურს და ასევე, მტკვარზე ნავით გასეირნებას.

ბიზნესპარტნიორი