ევროკავშირის საბჭომ სომხეთიდან იმპორტირებული პროდუქციისთვის დროებითი სავაჭრო შეღავათების დაწესებას მხარი დაუჭირა. გადაწყვეტილების მიზანი რუსეთის მიერ დაწესებული სავაჭრო შეზღუდვების ფონზე სომხეთის ეკონომიკის მხარდაჭერაა.
ახალი რეჟიმის ფარგლებში, სომხეთიდან ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტირებული საქონლის დაახლოებით 80%-ზე იმპორტის საბაჟო გადასახადი გაუქმდება. შეღავათები სხვადასხვა კატეგორიის პროდუქტს, მათ შორის გარკვეულ სასოფლო-სამეურნეო საქონელსაც მოიცავს.
შეღავათიანი სავაჭრო რეჟიმი ორი წლის განმავლობაში იმოქმედებს და მისი მიზანი სომხეთსა და ევროკავშირს შორის სავაჭრო ნაკადების შენარჩუნება და ზრდაა. ევროკავშირის განცხადებით, გადაწყვეტილება შესაბამისობაშია ევროკავშირსა და სომხეთს შორის ყოვლისმომცველი და გაძლიერებული პარტნიორობის შეთანხმების (CEPA) მიზნებთან.
რეგულაცია ასევე ითვალისწინებს გარკვეულ პირობებსა და დამცავ მექანიზმებს. მათი ამოქმედება შესაძლებელი იქნება იმ შემთხვევაში, თუ სომხეთიდან იმპორტის ზრდა ევროკავშირის მწარმოებლებს მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს.
ევროკავშირის საბჭოს მიერ გადაწყვეტილების საბოლოო დამტკიცებამდე შესაბამის ცვლილებებს ევროპარლამენტმა დაუჭირა მხარი.
„დღევანდელი გადაწყვეტილება დაეხმარება სავაჭრო შეზღუდვებით დაზარალებულ სომხეთის ეკონომიკას და აჩვენებს, რომ ჩვენს პარტნიორებს ყოველთვის შეუძლიათ ევროკავშირის იმედი ჰქონდეთ“, - განაცხადა ირლანდიის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრმა ჰელენ მაკენტიმ.
რეგულაცია ძალაში მას შემდეგ შევა, რაც მას ხელი მოეწერება და ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნდება.