ფრინველის გრიპის H5N1-ის ვირუსი შესაძლოა მომავალში ახალი პანდემიის ერთ-ერთი შესაძლო მიზეზი გახდეს - ამაზე ყურადღებას საერთაშორისო ჯანდაცვის ორგანიზაციები ამახვილებენ. ვირუსი ბოლო წლებში ფართოდ გავრცელდა და ფრინველებთან ერთად ძუძუმწოვრებშიც, მათ შორის მსხვილფეხა პირუტყვშიც, დაფიქსირდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ახალი შეფასებით, მაღალპათოგენური ფრინველის გრიპის ვირუსები მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში ცირკულირებს და სულ უფრო მეტ ცხოველურ სახეობას აზიანებს. განსაკუთრებით საყურადღებოა აშშ-ში რძის მწარმოებელ პირუტყვში H5N1-ის გავრცელება, რასაც ადამიანების ინფიცირების შემთხვევებიც მოჰყვა.
სხვადასხვა ქვეყნის მკვლევარი ამ ქვეტიპს „დაავადება X“-ის ერთ-ერთ შესაძლო კანდიდატად განიხილავს. ანუ, H5N1-ის ერთ-ერთ ქვეტიპს იმ ვირუსებს შორის განიხილავენ, რომლებმაც შესაბამისი ცვლილებების შემთხვევაში შესაძლოა ფართომასშტაბიანი ეპიდემია გამოიწვიონ.
საერთაშორისო ორგანიზაციები - WHO, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) და ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია (WOAH) - აცხადებენ, რომ ვირუსის ფართო გავრცელება საჭიროებს მუდმივ მონიტორინგს, რადგან მისი ადამიანებში გავრცელების შესაძლებლობა რჩება.
თუმცა, ამ ეტაპზე ახალი პანდემიის დაწყების ნიშნები არ არსებობს. საერთაშორისო ორგანიზაციების ბოლო შეფასებით, H5 ვირუსებით გამოწვეული გლობალური საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რისკი დაბალია და H5N1-ის ადამიანიდან ადამიანზე მდგრადი გადაცემის მტკიცებულება ჯერ არ არსებობს.
რისკის შეფასებისას ერთ-ერთი მთავარი საკითხი სწორედ ისაა - შეძლებს თუ არა ვირუსი მომავალში ადამიანებს შორის უფრო მარტივად გავრცელებას. ამიტომ მეცნიერები მის გენეტიკურ ცვლილებებსა და სხვადასხვა სახეობაში გავრცელებას მუდმივად აკვირდებიან.
WHO-მ რამდენიმე დღის წინ, რეკომენდაცია გასცა H5N1-ის საწინააღმდეგო ვაქცინების კვლევისა და პანდემიური მზადყოფნის გაგრძელების შესახებს.
WHO-ს მონაცემებით, 2026 წელს, 6 სექტემბრის მდგომარეობით, H5N1-ით ინფიცირების 10 შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან ორი პაციენტი გარდაიცვალა.