ქართული ღვინის კომპანია “ემვაინი” Mwine სამომავლოდ ჩინეთის ბაზარზე ექსპორტზე გასვლას არ გეგმავს. კომპანიისთვის პრიორიტეტული ევროპის ქვეყნების ბაზარია, სადაც მაღალი ხარისხის ღვინოზე მოთხოვნაა.
როგორც კომპანიის თანადამფუძნებელმა გვანცა თუშიშვილმა „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, კომპანიის მიზანია, საკუთარი პროდუქცია ისეთ ბაზრებზე გაიტანოს, სადაც მაღალი ხარისხის ღვინო სათანადოდ ფასობს.
„ჯერჯერობით, ჩინეთის ბაზარზე გასვლის დიდი სურვილი არ გვაქვს. ღვინის ხარისხიდან გამომდინარე, გვსურს, ჩვენი პროდუქცია ისეთ ქვეყნებში გავიტანოთ, სადაც ღვინის ხარისხიც მაღალია და მომხმარებელიც ხარისხიან ღვინოს აფასებს.
დღეს მცირე რაოდენობით, თუმცა მაღალი ხარისხის ღვინოს ვაწარმოებთ. გვსურს, ჩვენი პროდუქციაც იმ ქვეყნების ბაზრებს მოვარგოთ, სადაც მაღალი ხარისხის ღვინოზე მოთხოვნაა.
ჩვენთვის პრიორიტეტი ჩინეთი არ არის. ამ ეტაპზე ევროპის ქვეყნები უფრო პრიორიტეტულია. მეზობელ ქვეყნებში, მათ შორის რუსეთის ბაზარზე, ექსპორტზე გასვლის სურვილი არ გვაქვს და არც ვგეგმავთ“, - განაცხადა გვანცა თუშიშვილმა.