საქართველოში სუროგაციის მომსახურება სრულად აიკრძალება, ხოლო ინვიტრო განაყოფიერების პროცედურა შენარჩუნდება, თუმცა აღნიშნული სერვისით სარგებლობა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი განმარტებით, სუროგაციის აკრძალვის გადაწყვეტილება სფეროს კომერციალიზაციით გამოწვეულმა რისკებმა განაპირობა, მათ შორის, ადამიანით ვაჭრობისა და ქალთა ექსპლუატაციის საფრთხეებმა.
კირცხალიას განცხადებით, ბოლო წლებში სუროგაციის ბაზარი მნიშვნელოვნად გაიზარდა, რასაც თან ახლდა ეთიკური და სხვა სახის რისკების მატებაც. მისი თქმით, ხელისუფლება აღნიშნული გადაწყვეტილებით მომავალში შესაძლო საფრთხეების პრევენციას ისახავს მიზნად.
რაც შეეხება ინვიტრო განაყოფიერებას, უმრავლესობის ლიდერის განმარტებით, ეს სერვისი შენარჩუნდება, თუმცა მკაცრი რეგულირების პირობებში და მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის იქნება ხელმისაწვდომი.
„სუროგაცია სრულად იკრძალება. [...] რაც შეეხება ე.წ. ინვიტრო განაყოფიერებას, ეს რჩება ისევ, როგორც არის, თუმცა მკაცრი რეგულირების ქვეშ. მხოლოდ ჩვენი მოქალაქეები შეძლებენ ამ სერვისით სარგებლობას“, - განაცხადა კირცხალიამ.
მისივე თქმით, შესაბამის კანონპროექტზე მუშაობა ჯერ კიდევ მიმდინარეობს, ხოლო სუროგაციის აკრძალვის შემთხვევაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან რეგულაციების აღსრულებისა და კონტროლის უზრუნველყოფა.