CNBC-ის ინფორმაციით, Starbucks ჩრდილოეთ ამერიკაში დაახლოებით 250 კაფეს დახურავს, რაც რეგიონში მისი 18 000-ზე მეტი ობიექტის დაახლოებით 1%-ს შეადგენს. კაფეების უმეტესობა 2026 წლის ბოლომდე დაიხურება.

კომპანიის განცხადებით, გადაწყვეტილება იმ ობიექტებს ეხება, რომლებიც საკმარისად მომგებიანი არ არის ან სადაც მომხმარებლებისთვის სასურველი მომსახურების უზრუნველყოფა ვერ ხერხდება.

ეს ჩრდილოეთ ამერიკაში Starbucks-ის კაფეების დახურვის მეორე ეტაპია მას შემდეგ, რაც კომპანიას ბრაიან ნიკოლი ხელმძღვანელობს. მისი მმართველობის პერიოდში Starbucks მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებასა და კაფეებში მომსახურების ხარისხზე აკეთებს აქცენტს.

კაფეების დახურვა Starbucks-ს დაახლოებით 300 მილიონი დოლარი დაუჯდება. ამ თანხის ნაწილი იჯარის ვადამდე შეწყვეტასა და თანამშრომლებისთვის კომპენსაციების გადახდას მოხმარდება.

ამასთან, Starbucks-მა ახალი კაფეების გახსნის გეგმაც შეამცირა — 600-650-ის ნაცვლად, კომპანია 440 ახალი ობიექტის გახსნას გეგმავს. მათი უმეტესობა საერთაშორისო ბაზრებზე იქნება.

ამასთან, Starbucks-ის გეგმებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩინეთი, სადაც კომპანია პარტნიორ Boyu Capital-თან ერთად ქსელის მნიშვნელოვნად გაფართოებას გეგმავს — ჩინეთში Starbucks-ს დაახლოებით 8 000 კაფე აქვს და გრძელვადიან პერსპექტივაში მათი რაოდენობის 20 000-მდე გაზრდას ისახავს მიზნად.