მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულმა MMA-ის ორგანიზაციამ, UFC-მ მებრძოლთა სია განაახლა, რომელშიც ქართველი სპორტსმენი გიგა ჭიკაძე აღარ ირიცხება.

ქართველი მებრძოლის მიერ ორგანიზაციის დატოვების შესახებ ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ გავრცელდა, ამჟამად კი ჭიკაძე UFC-ს ოფიციალურ ვებგვერდზე მებრძოლთა სიაშიც აღარ იძებნება.

38 წლის ქართველმა UFC-ში შვიდი წელი გაატარა. ჭიკაძეს ორგანიზაციაში დებიუტი 2019 წლის სექტემბერში ჰქონდა, რის შემდეგაც ზედიზედ შვიდი გამარჯვება მოიპოვა და ქვემსუბუქი (65კგ) წონის რეიტინგის ათეულში დამკვიდრდა.

UFC-ში ჩატარებული 13 ბრძოლიდან ქართველმა რვა მოიგო, ხუთში კი დამარცხდა. ჭიკაძის კარიერაში განსაკუთრებით გამორჩეული კაბ სვანსონსა და ედსონ ბარბოზას წინააღმდეგ მოპოვებული გამარჯვებები იყო. ორგანიზაციაში ასპარეზობის პერიოდში ქართველმა ოთხი ბონუსიც დაიმსახურა, 2022 წელს კი ფორესტ გრიფინის სახელობის ჯილდო მიიღო.

გიგა ჭიკაძე ბოლო ოთხ დაპირისპირებაში დამარცხდა. ქართველმა ოქტაგონზე უკანასკნელად მიმდინარე წლის 19 სექტემბერს იასპარეზა და ბრაზილიელ ჟოანდერსონ ბრიტოსთან ნოკაუტით წააგო.

ჭიკაძის პროფესიონალურ კარიერაში 15 გამარჯვება და შვიდი მარცხია. ჯერჯერობით უცნობია, რომელ ორგანიზაციაში გააგრძელებს ქართველი მებრძოლი კარიერას.

პირველი არხი