თემურ ქეცბაიამ უარი თქვა „ანორთოსისის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე და გუნდში მესამედ დაბრუნებაზე. მიზეზად ქართული კლუბის ინტერესი სახელდება, – ამის შესახებ კვიპროსული გამოცემა Sport-FM-ი იუწყება.

„თემურ ქეცბაიას „ანორთოსისში“ დაბრუნების მცდელობები წარუმატებლად დასრულდა. კლუბის ადმინისტრაცია ქართველ სპეციალისტს თავდაპირველად ტექნიკური დირექტორის თანამდებობაზე განიხილავდა. თუმცა ქეცბაიამ ფამაგუსტას გუნდში მესამედ დანიშვნაზე უარი თქვა. მიზეზი რამდენიმეა – მათ შორის ფინანსური მდგომარეობა, შემადგენლობა და ის ფაქტი, რომ თავად ფიქრობს ერთ-ერთი გუნდის შეთავაზებაზე, რომელიც მისი სამშობლოდან არის“, – წერს გამოცემა.

24Sports-ის ინფორმაციით, თემურ ქეცბაია ამ საკითხის განსახილველად „ანორთოსისის“ პრეზიდენტს, კირიაკოს პრასტისს შეხვდა.

„ჩვენი ცნობით, შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, რადგან ქეცბაიამ განაცხადა, რომ არსებობს მორალური და პროფესიული ვალდებულება, რომელიც მას ამ ეტაპზე „ანორთოსისის“ სათადარიგოთა სკამზე ჯდომის უფლებას არ აძლევს. თუმცა მან სამომავლო თანამშრომლობა არ გამორიცხა.

ქეცბაიასთან შეხვედრა ძალიან კარგ ატმოსფეროში წარიმართა და ბევრი საკითხი განიხილეს. ასევე გამოიკვეთა, შეძლებდა თუ არა ის სპორტულ დირექტორად მუშაობას. ქართველმა სპეციალისტმა უპასუხა, რომ მას შეეძლო ამ პოსტზე მუშაობა და ახსნა, თუ რატომ თქვა უარი რამდენიმე წლის წინ ამ წინადადებაზე. მისი თქმით, მაშინ კლუბის ხელმძღვანელობას მისი ორი ასისტენტის – მათ შორის სოსო ჭედიას – შეცვლა სურდა, რაზეც ქეცბაია არ დათანხმდა“, – ამტკიცებს 24Sports-ი.

პირველი არხი