ჩვეულებრივი პატარა დიქტატორები ვნახეთ გუშინ, როგორებსაც ვხედავდით 2012 წლამდე, - ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საზოგადოებრივ მაუწყებელთან განვითარებულ მოვლენებსა და მაუწყებლის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებას ეთერის დათმობის შესახებ.
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქმე გვაქვს ადამიანებთან, რომლებიც მოწყვეტილი არიან რეალობას და არაადეკვატურები არიან.
„მინდა მადლობა გადავუხადო პირველი არხის თითოეულ თანამშრომელს და ხელმძღვანელობას თამამი ნაბიჯისთვის, რამაც საბოლოო ჯამში აჩვენა მაყურებელს და მათ შორის მათ მომხრეებსაც აჩვენა, რასთან გვაქვს საქმე. რიგ შემთხვევაში არაადეკვატურ ადამიანებთან გვაქვს საქმე ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, ადამიანებთან, რომლებიც მოწყვეტილი არიან საერთოდ რეალობას და არაადეკვატურები არიან. მეორე მხრივ, საქმე გვაქვს ღირებულება დაკარგულ ადამიანებთან, რომლებისთვისაც სამაგალითო არის „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დროინდელი მდგომარეობა. მესამე, მას შემდეგ, რაც ეთერიც დაეთმოთ, სტუდიაშიც იყვნენ და მათი ქცევა იქ ვნახეთ. მინიმუმ ის სტანდარტი მაინც დაიცავი, რომ წამყვანი ჰყავს გადაცემას და აცალე წამყვანს საუბარი და კითხვას უპასუხე. მაგრამ არა, იყო მითითება რა კითხვა უნდა დასვას ჟურნალისტმა, და რომელ კითხვაზე პასუხს რამდენი წუთი უნდა უსმინოს. ჩვეულებრივი პატარა დიქტატორები ვნახეთ გუშინ, როგორებსაც ვხედავდით 2012 წლამდე. ამიტომაც ისვრიან მაშხალებს და იმეტებენ ადამიანებს ზიანისთვის“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ საქართველო თავის საქმეს მაინც გააგრძელებს, რაც არ უნდა მოხდეს, ევროკავშირმა კი მოლაპარაკებები უნდა ახლა გახსნას, უნდა - მოგვიანებით.
"ქართული ოცნება" ამტკიცებს, რომ ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესი არ შეჩერებულა. პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე, ამბობს, რომ მზადაა ხვალვე მოაწეროს ხელი გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნას, თუ ევროკავშირი შესაბამის ნებას გამოიჩენს.
შეგახსენებთ, მეოთხე დღეა, საქართველოს პარლამენტთან ევროინტეგრაციის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. დემონსტრანტები აპროტესტებს მთავრობის გადაწყვეტილებას, 2028 წლის ბოლომდე მოხსნან დღის წესრიგიდან საქართველოს ევროკავშირში გაწევრებაზე მოლაპარაკებების დაწყება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 29-30 ნოემბრის საპროტესტო აქციის დროს, სამართალდამცველთა მიერ პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის 107 პირია დაკავებული. ანუ უწყებამ ერთ ღამეში 107 ადამიანი დააკავა. მათივე ინფორმაციით, დაშავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს 10 თანამშრომელი. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 29 ნოემბრის აქციიდან სამედიცინო დაწესებულებებში 40 პირი გადაიყვანეს.
რამდენიმე ადამიანი დააკავეს აქციის მესამე დღესაც. სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ რამდენჯერმე გამოიყენა წყლის ჭავლი და ე.წ. გაზის კაფსულები. მოქალაქეები პიროტექნიკის გამოყენებით ცდილობდნენ, თავი დაეცვათ ძალოვნების შემოტევისგან. ამ დრომდე ჭავჭავაძის გამზირზე აქციის მონაწილეებს გადაკეტილი აქვთ გზები და ამტკიცებენ, რომ უწყვეტი პროტესტი გაგრძელდება.
დედაქალაქის გარდა, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს რეგიონებშიც: ზუგდიდში, ქუთაისში, ხაშურში, გორში, საჩხერეში, ახმეტაში.
მიმდინარე პროცესებისგან დისტანცირებისა და პროტესტის ნიშნად სამსახურები დატოვეს: ეროვნული ბანკის ასეულობით თანამშრომელმა, თბილისის მერიის თანამშრომლების ნაწილმა, იუსტიციის სახლის ათეულობით და საგარეო საქმეთა სამინისტროს ასეულობით თანამშრომელმა, საჯარო რეესტრის ასეულობით თანამშრომელმა, პროსახელისუფლებო მედიის რამდენიმე ჟურნალისტმა. "ქართული ოცნების" ანტიდასავლურ პოლიტიკას გაემიჯნა სემეკისა და პარლამენტის თანამშრომლების ნაწილი. პოსტები დატოვეს და "ქართული ოცნების" ანტიევროპულ პოლიტიკას გაემიჯნენ ქართველი დიპლომატები, ელჩები. საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცედურების შეწყვეტას გაემიჯნენ სოციალური მუშაკებიც. ძალადობა დაგმეს და ევროინტეგრაციის გზაზე მოქალაქეებს თანადგომა გამოუცხადეს მსხვილმა კომერციულმა ბანკებმაც.
საქართველოს ევროპული გზიდან გადახვევა და რუსეთის წიაღში დაბრუნება კატეგორიულად მიუღებელია ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლებისთვისაც. იგივე პოზიცია აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალსაც, რომლებიც საჯარო განცხადებით გაემიჯნენ "კონსტიტუციისა და ევროკავშირში ინტეგრაციის კურსის ღალატის ნებისმიერ მცდელობას". ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე სვლის გაგრძელების მოთხოვნას შეუერთდნენ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები.
ამავე შინაარსის განცხადებებს ავრცელებენ და ევროკავშირთან მოლაპარაკების შეწყვეტას გმობენ სხვადასხვა საჯარო თუ კერძო ორგანიზაციები.
ძალადობა დაგმო და ქართველ ხალხს თანადგომა გამოუცხადა სპორტსმენების ნაწილმა.
ხელისუფლებას ევროკავშირში გაწევრებაზე მოლაპარაკებების შეჩერებაზე გადაწყვეტილების შეცვლას სთხოვს "ახალგაზრდა ადვოკატები".
პროტესტის ნიშნად, დაიხურა რამდენიმე რესტორანი. სტუმარმასპინძლობის ზოგიერთმა ობიექტმა თანამშრომლობა შეწყვიტა საჯარო სამსახურებთან.
საზოგადოებას და პროფესიულ ჯგუფებს მობილიზება და ხალხის გვერდით დგომა სთხოვეს მეღვინეებმა. მათი შეფასებით, "საქართველოს თვითმარქვია ხელისუფლება გავიდა ყველანაირი კონსტიტუციური ფარგლებიდან" და ახლა მხოლოდ ქუჩაში დგომის დროა.
სკოლებსა და უნივერსიტეტებში გაკვეთილებისა და ლექციების ჩატარებაზე უარი თქვა რამდენიმე პედაგოგმა და ლექტორმა.
ხელისუფლების გადაწყვეტილება დაგმეს სხვადასხვა დარგობრივმა ბიზნესგაერთიანებებმა და ასოციაციებმა.
სპექტაკლები გააუქმეს ან გადადეს თეატრებმა. ქართული ფილმების ჩვენება გააუქმა თბილისის კონოფესტივალმა.
მთავრობას კონსტიტუციის დაცვისკენ მოუწოდებს საქართველოს შშმ პირთა ქსელი. მათი მოთხოვნაა საქართველო დაბრუნება ევროპულ ორბიტაზე, არა შორეულ და გაურკვეველ მომავალში, არამედ უმოკლეს ვადებში, რადგან ევროპული მომავალი და ქვეყნის განვითარება პირდაპირ უკავშირდება შშმ პირთა კეთილდღეობას.
პრეზიდენტ ზურაბიშვილის შეფასებით, მასობრივი პროტესტი ეროვნულ დაუმორჩილებლობაში იზრდება. პრეზიდენტი ამბობს, რომ ის პოლიტიკურ პროცესებს სათავრეში ჩაუდგება, რადგან ახლა პრეზიდენტის აპარატი ერთადერთი დამოუკიდებელი, ლეგიტიმური ინსტიტუტია, რომელიც ქვეყანაში დარჩა.
საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა აშშ-მა, რაც, სპეციალისტების შეფასებით, ნიშნავს იმას, რომ "ქართულმა ოცნებამ" ჰაერში დაკიდა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა, შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ურთიერთობა, განათლების პროგრამები და არაღიარების პოლიტიკა.
მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ეკონომიკურ რისკებზე ალაპარაკდა ბიზნესი. მთავრობის ანტიდასავლური პოლიტიკის ეკონომიკურ საფრთხეზე დიდი ხანია საუბრობს სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის პრეზიდენტი პაატა ცაგარეიშვილიც. მისი თქმით, დასავლელი პარტნიორები 10 მილიარდი დოლარის დონაციას ახდენენ საქართველოს ეკონომიკაში სხვადასხვა პროექტების დაფინანსებით, რომელთა შეწყვეტა ქვეყანას ეკონომიკურად დაანგრევს.
ფინანსურ-ეკონომიკური პრობლემების ესკალაციას პროგნოზირებენ ფინანსისტებიც.