გარემოს ეროვნული სააგენტო შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს. მიმდინარე წელს კვლევის არეალი გაფართოვდა და წყლის სინჯების აღება ყოველთვიურად 14 წერტილში მიმდინარეობს.
სააგენტოს ინფორმაციით, მონიტორინგის ფარგლებში მოწმდება ჰიდრობიოლოგიური და ქიმიური მაჩვენებლები. კვლევა მოიცავს 13 მძიმე მეტალის, ნავთობის ჯამური ნახშირწყალბადების, 16 პოლიარომატული ნახშირწყალბადისა და სხვა ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრების კონცენტრაციების განსაზღვრას.
გარდა წყლის ხარისხის შეფასებისა, სააგენტო შავ ზღვაში ეკოლოგიურ მდგომარეობასა და ბიომრავალფეროვნებასაც იკვლევს.
ამასთან, საქართველოს საზღვაო აკვატორიაში ყოველწლიურად ტარდება სამეცნიერო კვლევები, რომელთა მიზანი თევზის რესურსების შეფასება და არსებული მარაგების განსაზღვრაა.