რუსეთის სახელმწიფო დუმაში მომზადდა კანონპროექტი, რომელიც ქვეყნის კინოთეატრებში უცხოური ფილმების ჩვენების შეზღუდვას ითვალისწინებს. ინიციატივის მიხედვით, წლის განმავლობაში განისაზღვრება პერიოდები, როდესაც კინოთეატრებს უცხოური ფილმების ჩვენება სრულად აეკრძალებათ ან მათ რუსულ კინოპროდუქციასთან შედარებით ეკრანული დროის მინიმალური წილი უნდა დაუთმონ. ცვლილებების ამოქმედება 2027 წლის 1 მარტიდან იგეგმება.

კანონპროექტის თანახმად, კვოტირების პერიოდების საერთო ხანგრძლივობა წელიწადში დაახლოებით 45 დღეს შეადგენს. მათი განრიგი კალენდარული წლის დაწყებამდე არაუგვიანეს 90 დღით ადრე უნდა დამტკიცდეს, პროცესში კი რუსული კინემატოგრაფიული ორგანიზაციებიც მიიღებენ მონაწილეობას. ამასთან, კვოტირების პერიოდში უცხოური ფილმების ჩვენებაზე ადრე გაფორმებული ხელშეკრულებები ძალადაკარგულად ჩაითვლება.

ინიციატივა უცხოური ფილმების გაქირავებისთვის დამატებით ფინანსურ ვალდებულებებსაც ითვალისწინებს. უცხოური მხატვრული ფილმის სადისტრიბუციო მოწმობის მისაღებად 5 მილიონი რუბლის, ხოლო ანიმაციური ფილმისთვის 3 მილიონი რუბლის გადახდა გახდება საჭირო. გარდა ამისა, უცხოური ფილმების გაქირავებიდან მიღებული შემოსავლის 10% ყოველკვარტალურად რუსული კინემატოგრაფიის განვითარების მიმართულებით უნდა გადაირიცხოს. გამონაკლისები შეეხება ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრ ქვეყნებში წარმოებულ ფილმებს, მთავრობის მიერ განსაზღვრული კინოფესტივალების გამარჯვებულებსა და 1993 წლამდე გამოქვეყნებულ ნამუშევრებს.

კანონპროექტი კვოტირების წესების დარღვევისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაწესებასაც ითვალისწინებს, თუმცა ჯარიმების კონკრეტული ოდენობა დოკუმენტში მითითებული არ არის. ინიციატივის მიზნად რუსული კინემატოგრაფიის მხარდაჭერა სახელდება. უცხოური ფილმების შეზღუდვის საკითხი რუსეთში 2025 წლიდან განიხილება. რეჟისორი და კინემატოგრაფისტთა კავშირის თავმჯდომარე ნიკიტა მიხალკოვი უცხოური კინოსთვის კვოტებისა და დამატებითი გადასახადების დაწესებას ჯერ კიდევ გასული წლიდან ითხოვდა.

კანონპროექტის მომზადებას წინ უძღოდა ვლადიმერ პუტინის დავალება. რუსეთის პრეზიდენტმა 2026 წლის მარტში კულტურის საკითხებზე გამართულ შეხვედრაზე მოითხოვა უცხოური ფილმების გაქირავების რეგულირების შესახებ კანონპროექტების დაჩქარებული წესით მომზადება. მან მაგალითად ჩინეთის გამოცდილება მოიყვანა და რუსული კინოწარმოების მხარდაჭერის გაძლიერების აუცილებლობაზე ისაუბრა.