ევროკომისიამ Coca-Cola-ს ერთ-ერთი უმსხვილესი ევროპული ჩამომსხმელი კომპანიის, Coca-Cola Europacific Partners-ის (CCEP), წინააღმდეგ ოფიციალური ანტიმონოპოლიური გამოძიება დაიწყო. ბრიუსელი ამოწმებს, ხომ არ ბოროტად იყენებდა კომპანია ბაზარზე დომინანტურ მდგომარეობას სუპერმარკეტებთან და სხვა საცალო მოვაჭრეებთან ურთიერთობისას და ხომ არ ზღუდავდა პროდუქციის ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის თავისუფალ გადაადგილებას.
ევროკომისიის ეჭვები რამდენიმე სავარაუდო პრაქტიკას უკავშირდება. კერძოდ, გამოძიება დაადგენს, სთავაზობდა თუ არა CCEP საბითუმო მყიდველებს ფასდაკლებებს იმ პირობით, რომ შეძენილ სასმელებს ევროკავშირის სხვა ქვეყნებში არ გაიტანდნენ. ასევე, შემოწმდება, იყენებდა თუ არა კომპანია სხვადასხვა ქვეყანაში გაზიანი სასმელების განსხვავებულ შეფუთვასა და მოცულობას, რათა შეეზღუდა პროდუქციის საზღვრებს შორის ვაჭრობა.
კიდევ ერთი საკითხი ესპანეთის ბაზარს უკავშირდება. ევროკომისია იკვლევს, ხომ არ სთავაზობდა კომპანია საცალო მოვაჭრეებს ფინანსურ სტიმულებს ესპანეთში გაზიანი სასმელების იმპორტის შესაზღუდად. ამასთან, მარეგულირებელი ორგანო ამოწმებს, ხომ არ უარს ამბობდა CCEP მრავალეროვნულ საცალო ქსელებთან ერთიანი, რამდენიმე ქვეყნის მომცველი შესყიდვის პირობების შეთანხმებაზე და ხომ არ აიძულებდა მათ თითოეულ ბაზარზე ცალკე მოლაპარაკებების წარმოებას.
Coca-Cola Europacific Partners-ის სათავო ოფისი დიდ ბრიტანეთში მდებარეობს. კომპანია Coca-Cola-ს ბრენდების სასმელებს, ასევე სხვა პროდუქციას, ბელგიაში, საფრანგეთში, გერმანიაში, ლუქსემბურგში, ნიდერლანდებში, პორტუგალიაში, ესპანეთსა და შვედეთში აწარმოებს და ავრცელებს. ევროკომისიის მონაცემებით, ამ რვა ქვეყანაში ის გაზიანი უალკოჰოლო სასმელების უმსხვილესი მიმწოდებელია. გამოძიება 2025 წლის მარტში კომპანიის რამდენიმე ევროპულ ოფისში ჩატარებულ მოულოდნელ ინსპექტირებას მოჰყვა.