ფინანსისტ გიგა ბედინეიშვილის შეფასებით, საქართველოს ურთიერთობა ევროკავშირთან ძალიან ემსგავსება მტრული ბანაკების ურთიერთობას.

ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში „ქართული ოცნების“ იმ გადაწყვეტილების კომენტირებისას განაცხადა, რომლის თანახმად, მმართველი პარტია 2028 წლამდე ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნას დღის წესრიგში არ დააყენებს.

აღსანიშნავია, რომ სინამდვილეში „:ქართული ოცნების“ ანტიდემოკრატიული ქმედებების გამო საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია.

გიგა ბედინეიშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა, ევროკავშირთან ურთიერთობაში „ესკალაციური დომინაციის სტრატეგია“ გამოიყენოს.

საქართველოს ურთიერთობა ევროკავშირთან და აშშ-თან ძალიან ემსგავსება მტრული ბანაკების ურთიერთობას. მაგალითად, ემსგავსება ამერიკის და რუსეთის ურთიერთობას უკრაინის საკითხთან მიმართებით. ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა, „ესკალაციური დომინაციის სტრატეგია“ გამოიყენოს - ეს ემსგავსება პუტინის გადაწყვეტილებას, რომელმაც აშშ-ის გადაწყვეტილების (უფლება მიეცა უკრაინისთვის, რუსეთის სიღრმეში ესროლათ ამერიკული ბალისტიკური რაკეტა ATACMS-ი) საპასუხოდ რუსული ბალისტიკური რაკეტა "ორეშნიკი“ ისროლა.

ვფიქრობ, ზუსტად ასეთი რამ გააკეთეს ირაკლი კობახიძემ და ბიძინა ივანიშვილმა - ფატობრივად, მათ „ორეშნიკი“ ისროლეს იმის საჩვენებლად, რომ ჩვენ არათუ გვეშინია და უკან დავიხევთ, არამედ შეგვიძლია კიდევ უფრო მეტი ესკალაცია და კიდევ უფრო მეტად მკაცრი პოზიციის დაფიქსირება, რადგან თქვენ უფრო გჭირდებით, ვიდრე ჩვენ და ამიტომ 2028 წლამდე არ ვაპირებთ ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნას დღის წესრიგში დავაყენოთო... სინამდვილეში ეს არის ბლეფი, რომელიც ძალიან მალე გამჟღავნდება, ოღონდ ამ პროცესში ჩვენ ძალიან დიდ ზიანს მივიღებთ“, - განაცხადა გიგა ბედინეიშვილმა.

მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ამ გადაწყვეტილებით, ფაქტობრივად, გააქრო ის მოლოდინიც, რომელიც საქართველოს აშშ-სა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების დათბობაზე, შეიძლება, ინვესტორების ნაწილს ჰქონოდა.

„შეიძლება, ვიღაცას ისევ გადაეწყვიტა, რომ საქართველო ნელა, მაგრამ მაინც მიცოცავდა ევროკავშირისკენ. ამ პოლიტიკური გადაწყვეტილებით „ოცნებამ“ ეს მოლოდინი გააქრო“, - აღნიშნა გიგა ბედინეიშვილმა.

წყარო: bm.ge

შეგახსენებთ, მესამე დღეა, საქართველოს პარლამენტთან ევროინტეგრაციის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. დემონსტრანტები აპროტესტებს მთავრობის გადაწყვეტილებას, 2028 წლის ბოლომდე მოხსნან დღის წესრიგიდან საქართველოს ევროკავშირში გაწევრებაზე მოლაპარაკებების დაწყება.  

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 29-30 ნოემბრის საპროტესტო აქციის დროს, სამართალდამცველთა მიერ პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის 107 პირია დაკავებული. ანუ უწყებამ ერთ ღამეში 107 ადამიანი დააკავა. მათივე ინფორმაციით, დაშავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს 10 თანამშრომელი. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 29 ნოემბრის აქციიდან სამედიცინო დაწესებულებებში 40 პირი გადაიყვანეს.  

რამდენიმე ადამიანი დააკავეს აქციის მესამე დღესაც. სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ რამდენჯერმე გამოიყენა წყლის ჭავლი და ე.წ. გაზის კაფსულები. მოქალაქეები პიროტექნიკის გამოყენებით ცდილობდნენ, თავი დაეცვათ ძალოვნების შემოტევისგან. ამ დრომდე ჭავჭავაძის გამზირზე აქციის მონაწილეებს გადაკეტილი აქვთ გზები და ამტკიცებენ, რომ უწყვეტი პროტესტი გაგრძელდება.

მიმდინარე პროცესებისგან დისტანცირებისა და პროტესტის ნიშნად სამსახურები დატოვეს: ეროვნული ბანკის ასეულობით თანამშრომელმათბილისის მერიის თანამშრომლების ნაწილმა, იუსტიციის სახლის ათეულობით და საგარეო საქმეთა სამინისტროს ასეულობით თანამშრომელმა, საჯარო რეესტრის ასეულობით თანამშრომელმა, პროსახელისუფლებო მედიის რამდენიმე ჟურნალისტმა. "ქართული ოცნების" ანტიდასავლურ პოლიტიკას გაემიჯნა სემეკისა და პარლამენტის თანამშრომლების ნაწილი. პოსტები დატოვეს და "ქართული ოცნების" ანტიევროპულ პოლიტიკას გაემიჯნენ ქართველი დიპლომატები, ელჩებისაქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცედურების შეწყვეტას გაემიჯნენ სოციალური მუშაკებიც. ძალადობა დაგმეს და ევროინტეგრაციის გზაზე მოქალაქეებს თანადგომა გამოუცხადეს მსხვილმა კომერციულმა ბანკებმაც.

საქართველოს ევროპული გზიდან გადახვევა და რუსეთის წიაღში დაბრუნება კატეგორიულად მიუღებელია ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლებისთვისაც. იგივე პოზიცია აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალსაც, რომლებიც საჯარო განცხადებით გაემიჯნენ "კონსტიტუციისა და ევროკავშირში ინტეგრაციის კურსის ღალატის ნებისმიერ მცდელობას". ამავე შინაარსის განცხადებებს ავრცელებენ და ევროკავშირთან მოლაპარაკების შეწყვეტას გმობენ სხვადასხვა საჯარო თუ კერძო ორგანიზაციები.

ძალადობა დაგმო და ქართველ ხალხს თანადგომა გამოუცხადა სპორტსმენების ნაწილმა.

პროტესტის ნიშნად, დაიხურა რამდენიმე რესტორანი. სტუმარმასპინძლობის ზოგიერთმა ობიექტმა თანამშრომლობა შეწყვიტა საჯარო სამსახურებთან.

სკოლებსა და უნივერსიტეტებში გაკვეთილებისა და ლექციების ჩატარებაზე უარი თქვა რამდენიმე პედაგოგმა და ლექტორმა. 

ხელისუფლების გადაწყვეტილება დაგმო სხვადასხვა დარგობრივმა ბიზნესგაერთიანებებმა და ასოციაციებმა.

სპექტაკლები გააუქმეს ან გადადეს თეატრებმა.

პრეზიდენტ ზურაბიშვილის შეფასებით, მასობრივი პროტესტი ეროვნულ დაუმორჩილებლობაში იზრდება

საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა აშშ-მა.

მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ეკონომიკურ რისკებზე ალაპარაკდა ბიზნესი.  მთავრობის ანტიდასავლური პოლიტიკის ეკონომიკურ საფრთხეზე დიდი ხანია საუბრობს სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის პრეზიდენტი პაატა ცაგარეიშვილიც. მისი თქმით, დასავლელი პარტნიორები 10 მილიარდი დოლარის დონაციას აკეთებენ საქართველოს ეკონომიკაში სხვადასხვა პროექტების დაფინანსებით, რომელთა შეწყვეტა ქვეყანას ეკონომიკურად დაანგრევს.