"ვრჩები პრეზიდენტის პოსტზე, რადგან ამ ქვეყანას სჭირდება სტაბილურობა," -ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა.
სალომე ზურაბიშვილმა ჩვენს ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დეტალურად ისაუბრა ბრიტანულ მედიასთან და აღნიშნა, რომ ღრმა კრიზისიდან საქართველოს გამოსაყვანად ერთადერთი გეგმა ახალი არჩევნებია, რადგან არალეგიტიმურ ხელისუფლებას მიტაცებული აქვს ყველა სახელმწიფო უწყება და ქვეყნის ტოტალურად გარუსებას ცდილობს. პრეზიდენტმა ისაუბრა მოქალაქეების პროტესტზეც და ხაზი გაუსვა უწყვეტი პროტესტი მნიშვნელობას.
"რა გადაწყვეტილებაც უნდა მიიღოს პარლამენტმა, იქნება ეს მთავრობის არჩევა-დამტკიცება, თუ პრეზიდენტის არჩევა, არის არალეგიტიმური. მე ვარ ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი და დავრჩები პოსტზე, რადგან ამ ქვეყანას სჭირდება სტაბილურობა. ყველაფერი იშლება ამ ქვეყანაში, „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში არ დარჩა არცერთი დამოუკიდებელი ინსტიტუტი, გარდა პრეზიდენტის ინსტიტუტისა. ყველა სხვა ინსტიტუტში გაბატონებულია ერთპარტიული მმართველობა, პარტიაში კი ერთკაციანი მმართველობაა.
უნდა ითქვას, რომ სამოქალაქო საზოგადოება ძალიან აქტიურია მას შემდეგ, რაც არალეგიტიმურმა პრემიერმინისტრმა შეაჩერა მოლაპარაკებები ევროკავშირში გაწევრიანებაზე. ხალხი ქუჩაშია და ამას აპროტესტებს. მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი და უჩვეულო ქვეყანაში არის ის, რომ ვხედავთ, ადამიანები ტოვებენ საჯარო სამსახურებს სამინისტროებში, სხვადასხვა ინსტიტუტებში. პოლიტიკური პარტიები არ შევიდნენ და არ შევლენ პარლამენტში.
ასე რომ, ჩვენ ვართ ამ ღრმა კრიზისში და ყველაზე მეტად რაც გვჭირდება, არის სტაბილურობა. მე ვთავაზობ ამ სტაბილურობას გარდამავალი პერიოდისთვის, რადგან რასაც ხალხი ქუჩაში ითხოვს და რის გამოც პროტესტს გამოხატავს, არის ახალი არჩევნების მოთხოვნა, რათა ეს ქვეყანა აღდგეს ევროპულ გზაზე.
მეკითხებით რა მოხდება, თუკი "ქართული ოცნება" ამ მოთხოვნას უგულებელყოფს? და რა მოხდება, თუკი ჩვენ უგულებელვყოფთ "ქართულ ოცნებას"? ვფიქრობ, ეს არის ის, რასაც ეს ადამიანები აკეთებენ ქუჩებში. ძალადობის მიუხედავად მათ სიმტკიცეში არაფერი იცვლება. ჩვენ გვჭირდება სტაბილურობა და ჩვენ გვჭირდება არჩევნების მომზადება. ამ კუთხით, ძალიან მნიშვნელოვანია ევროპარლამენტის რეზოლუცია, რომელიც ასევე ითხოვს ახალ არჩევნებს, იქნება ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება დეკემბრის შუა რიცხვებში და ტექნიკური მისია, რომელსაც ისინი აგზავნიან საქართველოში, დაგვეხმარება განვიხილოთ შემდეგი არჩევნების პირობები იმისთვის, რომ ბოლოს და ბოლოს გვქონდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები.
მე მიცავს ქუჩაში გამოსული ხალხი. მიმაჩნია, რომ დღეს მმართველი პარტია ძალიან იზოლირებულია და უფრო და უფრო იზოლირებული გახდება." - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
შეგახსენებთ, მესამე დღეა, საქართველოს პარლამენტთან ევროინტეგრაციის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. დემონსტრანტები აპროტესტებს მთავრობის გადაწყვეტილებას, 2028 წლის ბოლომდე მოხსნან დღის წესრიგიდან საქართველოს ევროკავშირში გაწევრებაზე მოლაპარაკებების დაწყება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 29-30 ნოემბრის საპროტესტო აქციის დროს, სამართალდამცველთა მიერ პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის 107 პირია დაკავებული. ანუ უწყებამ ერთ ღამეში 107 ადამიანი დააკავა. მათივე ინფორმაციით, დაშავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს 10 თანამშრომელი. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 29 ნოემბრის აქციიდან სამედიცინო დაწესებულებებში 40 პირი გადაიყვანეს.
რამდენიმე ადამიანი დააკავეს აქციის მესამე დღესაც. სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ რამდენჯერმე გამოიყენა წყლის ჭავლი და ე.წ. გაზის კაფსულები. მოქალაქეები პიროტექნიკის გამოყენებით ცდილობდნენ, თავი დაეცვათ ძალოვნების შემოტევისგან. ამ დრომდე ჭავჭავაძის გამზირზე აქციის მონაწილეებს გადაკეტილი აქვთ გზები და ამტკიცებენ, რომ უწყვეტი პროტესტი გაგრძელდება.
დედაქალაქის გარდა, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს რეგიონებშიც: ზუგდიდში, ქუთაისში, ხაშურში, გორში, საჩხერეში, ახმეტაში.
მიმდინარე პროცესებისგან დისტანცირებისა და პროტესტის ნიშნად სამსახურები დატოვეს: ეროვნული ბანკის ასეულობით თანამშრომელმა, თბილისის მერიის თანამშრომლების ნაწილმა, იუსტიციის სახლის ათეულობით და საგარეო საქმეთა სამინისტროს ასეულობით თანამშრომელმა, საჯარო რეესტრის ასეულობით თანამშრომელმა, პროსახელისუფლებო მედიის რამდენიმე ჟურნალისტმა. "ქართული ოცნების" ანტიდასავლურ პოლიტიკას გაემიჯნა სემეკისა და პარლამენტის თანამშრომლების ნაწილი. პოსტები დატოვეს და "ქართული ოცნების" ანტიევროპულ პოლიტიკას გაემიჯნენ ქართველი დიპლომატები, ელჩები. საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცედურების შეწყვეტას გაემიჯნენ სოციალური მუშაკებიც. ძალადობა დაგმეს და ევროინტეგრაციის გზაზე მოქალაქეებს თანადგომა გამოუცხადეს მსხვილმა კომერციულმა ბანკებმაც.
საქართველოს ევროპული გზიდან გადახვევა და რუსეთის წიაღში დაბრუნება კატეგორიულად მიუღებელია ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლებისთვისაც. იგივე პოზიცია აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალსაც, რომლებიც საჯარო განცხადებით გაემიჯნენ "კონსტიტუციისა და ევროკავშირში ინტეგრაციის კურსის ღალატის ნებისმიერ მცდელობას". ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე სვლის გაგრძელების მოთხოვნას შეუერთდნენ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები.
ამავე შინაარსის განცხადებებს ავრცელებენ და ევროკავშირთან მოლაპარაკების შეწყვეტას გმობენ სხვადასხვა საჯარო თუ კერძო ორგანიზაციები.
ძალადობა დაგმო და ქართველ ხალხს თანადგომა გამოუცხადა სპორტსმენების ნაწილმა.
პროტესტის ნიშნად, დაიხურა რამდენიმე რესტორანი. სტუმარმასპინძლობის ზოგიერთმა ობიექტმა თანამშრომლობა შეწყვიტა საჯარო სამსახურებთან.
სკოლებსა და უნივერსიტეტებში გაკვეთილებისა და ლექციების ჩატარებაზე უარი თქვა რამდენიმე პედაგოგმა და ლექტორმა.
ხელისუფლების გადაწყვეტილება დაგმეს სხვადასხვა დარგობრივმა ბიზნესგაერთიანებებმა და ასოციაციებმა.
სპექტაკლები გააუქმეს ან გადადეს თეატრებმა.
პრეზიდენტ ზურაბიშვილის შეფასებით, მასობრივი პროტესტი ეროვნულ დაუმორჩილებლობაში იზრდება. პრეზიდენტი ამბობს, რომ ის პოლიტიკურ პროცესებს სათავრეში ჩაუდგება, რადგან ახლა პრეზიდენტის აპარატი ერთადერთი დამოუკიდებელი, ლეგიტიმური ინსტიტუტია, რომელიც ქვეყანაში დარჩა.
საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა აშშ-მა, რაც, სპეციალისტების შეფასებით, ნიშნავს იმას, რომ "ქართულმა ოცნებამ" ჰაერში დაკიდა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა, შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ურთიერთობა, განათლების პროგრამები და არაღიარების პოლიტიკა.
მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ეკონომიკურ რისკებზე ალაპარაკდა ბიზნესი. მთავრობის ანტიდასავლური პოლიტიკის ეკონომიკურ საფრთხეზე დიდი ხანია საუბრობს სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის პრეზიდენტი პაატა ცაგარეიშვილიც. მისი თქმით, დასავლელი პარტნიორები 10 მილიარდი დოლარის დონაციას ახდენენ საქართველოს ეკონომიკაში სხვადასხვა პროექტების დაფინანსებით, რომელთა შეწყვეტა ქვეყანას ეკონომიკურად დაანგრევს.