საქართველოში მაღალმხარჯველი ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სპარსეთის ყურის ქვეყნებში მასშტაბურ მარკეტინგულ კამპანიას მართავს.

ადმინისტრაციის ცნობით, საუდის არაბეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ქუვეითში სოციალურ ქსელებსა და რადიოში, ასევე ქუჩის ბილბორდებზე საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ სარეკლამო კამპანია მიმდინარეობს.

"კამპანიის მიზანია სხვადასხვა ტურისტულ პროდუქტებთან ერთად, ზამთრის ტურისტული სეზონის წინ საქართველოს ზამთრის კურორტების პოპულარიზაცია.

აბუ-დაბის, დუბაის, ქუვეითისა და ჯედას ცენტრალ ქუჩებსა და მოედნებზე საქართველოს ტურისტული პოტენციალის ამსახველი ბილბორდებია განთავსებული, მონიტორებზე კი საქართველოს შესახებ სარეკლამო რგოლების ჩვენება მიმდინარეობს.

მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, საქართველოს ტურისტულ მიმართულებას რეკლამირებას უწევენ ინფლუენსერები. სოციალურ ქსელებში, მოგზაურ ინფლუენსერთა საერთო გამომწერთა რაოდენობა მილიონს შეადგენს.

ინფლუენსერები საქართველოს შესახებ ვიდეორგოლებს, სთორებსა და პოსტებს ამზადებენ, პარალელურად სპარსეთის ყურის ქვეყნების მედიის წარმომადგენლებისთვის საქართველოში პრესტურები იმართება, ჟურნალისტები და ბლოგერები საქართველოს შესახებ სტატიებს ამზადებენ. კამპანია მოიცავს თანამშრომლობას საქართველოს კერძო სექტორთან, B2B ფორმატის ფარგლებში შეხვედრებს, კონფერენციებსა და პრეზენტაციებს", - აღნიშნულია ტურიზმის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აღსანიშნავია, რომ საუდის არაბეთი 84 384 საერთაშორისო ვიზიტორის ვიზიტით, 2025 წლის 9 თვეში TOP 15 ქვეყნის ჩამონათვალშია. მაჩვენებელი წლის ჭრილში 9%-ით გაიზარდა. ამასთან, ბოლო წლებში არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან ტურიზმი დადებითი დინამიკით ხასიათდება. 2023 წელს საქართველოში არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან 15 636 ვიზიტი განხორციელდა, რაც რეკორდული იყო და აჭარბებდა პანდემიამდელ პერიოდს. 2025 წლის 9 თვეში კი 12 137 ვიზიტი განხორციელდა. რაც შეეხება ქუვეითს, მაჩვენებელი 2021 წლიდან მოყოლებული მზარდია. მიმდინარე წლის 3 კვარტალში კი 20 246 ვიზიტი დაფიქსირდა.