ევროკავშირი წევრობის ყველაზე პერსპექტიული კანდიდატი ქვეყნების — მონტენეგროს, ალბანეთის, უკრაინისა და მოლდოვის — გაწევრიანების პროცესის დასაჩქარებლად სპეციალურ საგზაო რუკებზე მუშაობს,- ამის შესახებ Politico წყაროებზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ინფორმაციით, დოკუმენტებში გაწევრიანების მოლაპარაკებების საკვანძო ეტაპების დასრულებისთვის კონკრეტული სამიზნე თარიღები იქნება მითითებული. გეგმები ასევე განსაზღვრავს, რა რეფორმების განხორციელება მოეთხოვებათ კანდიდატებს და დაახლოებით როდის უნდა დასრულდეს მოლაპარაკებების ცალკეული „კლასტერები“.

Politico-ს ცნობით, ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც ოთხ ქვეყანას მოლაპარაკებების დასრულების სავარაუდო ვადები და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე უფრო მკაფიო პირობები მიეწოდება. ამასთან, დოკუმენტები ევროკავშირის წევრ ქვეყნებსაც გარკვეულ ვალდებულებებს დაუწესებს, რადგან პროცესის წინსვლას მათი თანხმობა სჭირდება.

საგზაო რუკები ამ ეტაპზე არ შეეხება კოსოვოს, ჩრდილოეთ მაკედონიასა და ბოსნია-ჰერცეგოვინას, რომლებიც გაწევრიანების პროცესის უფრო ადრეულ ეტაპზე იმყოფებიან.

გამოცემის ცნობით, მსგავსი გეგმები არც საქართველოს, თურქეთისა და სერბეთისთვის არის გათვალისწინებული. Politico წერს, რომ ამ ქვეყნების მიმართ ევროკავშირის გაფართოების პროცესი დემოკრატიული და სასამართლო სისტემების მიმართულებით არსებული უკუსვლის გამო შეჩერებულია.

ამავდროულად, ევროკავშირი გაფართოებამდელი პოლიტიკის რეფორმირებასაც განიხილავს. ცვლილებების მიზანია, ახალი წევრების მიღების შემდეგ ბლოკის მუშაობის შეფერხების რისკების შემცირება. განსახილველ ვარიანტებს შორისაა სპეციალური დამცავი მექანიზმები, საგანგებო დებულებები და გარდამავალი პერიოდები, რომლის განმავლობაშიც ახალ წევრებს გარკვეული უფლებები სრულად არ მიენიჭებათ.