2015 წლის 13 ივნისის სტიქიის დროს ჩამოყალიბებული მეწყრული კერის მიმდებარე ფერდობები სრულად სტაბილიზებული არ არის. დედამიწის შემსწავლელი ინსტიტუტის ახალი გეოლოგიური კვლევის თანახმად, ტერიტორიაზე გეოლოგიური პროცესების გააქტიურების პოტენციური რისკები კვლავ ფიქსირდება, რაც განსაკუთრებულ ყურადღებას უხვნალექიან პერიოდში მოითხოვს.
სპეციალისტებმა ფერდის სტაბილურობა თანამედროვე ტექნოლოგიებით- სატელიტური რადარული გადაღებებით, გეოფიზიკური მეთოდებითა და ლაბორატორიული ანალიზით შეაფასეს.
როგორც კვლევის თანაავტორი და დედამიწის შემსწავლელი ინსტიტუტის გეოგრაფიის დეპარტამენტის უფროსი ლაშა სუხიშვილი „საქმიან დილასთან“ საუბრისას განმარტავს, ფერდი ამჟამად „კვაზისტაბილურ“ მდგომარეობაშია და წელიწადში რამდენიმე მილიმეტრით გადაადგილდება.
"დაახლოებით ორი წლის წინ რუსთაველის ფონდის დაფინანსებით დავიწყეთ კვლევა, სადაც თანამედროვე მეთოდები -სატელიტური რადარი, გეოფიზიკა, სიმულაციები, ლაბორატორიული ანალიზები გამოვიყენეთ. გამოიკვეთა, რომ ფერდი არ არის სტაბილური. თვალით რომ შევიდეთ და შევხედოთ, სტაბილურად გამოიყურება, თუმცა ეს არის „კვაზისტაბილურობა,“ რაც წელიწადში რამდენიმე მილიმეტრიან ან სანტიმეტრიან გადაადგილებაში გამოიხატება.
13 ივნისის სტიქიის მიმდებარე ქვედა უბანზე გამაგრება მიმდინარეობს, თუმცა ზედა უბანიც არასტაბილურია. გარდა ამისა, 1-2 კილომეტრით ზემოთ აღმოჩნდა კიდევ ერთი არასტაბილური უბანი, რომლის კვლევასაც წლის ბოლოს დავასრულებთ. მართალია, მყისიერი ჩამოშლის საფრთხე დაბალია, თუმცა რისკს ზრდის კუმულაციური ეფექტი. მაგალითად, ხანგრძლივ წვიმასთან ერთად მიწისძვრის ვიბრაცია ან ხელოვნური ჩარევა, როგორიცაა გზის ჩაჭრა ან მშენებლობები,“ - აცხადებს ლაშა სუხიშვილი.
მეცნიერები ხაზს უსვამენ, რომ 20-კილომეტრიანი ფერდობის ფიზიკურად გამაგრება შეუძლებელია, რის გამოც გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება მუდმივი მონიტორინგის სისტემების გამართულ ფუნქციონირებასა და მიწისქვეშა წყლების კონტროლს.
სუხიშვილის თქმით, 2015 წლის სტიქიის შემდეგ დამონტაჟებული აპარატურა პასუხისმგებელი პირების არარსებობის გამო გაითიშა, რაც პროცესის კომპლექსურ მართვას აფერხებს.
ვრცლად: bm.ge