„თბილისში გეგულებათ, რომ დადიოდეს 1965 წელს გამოშვებული მანქანა? 10 ათასი ლიფტია ასეთი...“ - ამის შესახებ თბილისის ყოფილმა მთავარმა არქიტექტორმა, კომპანია „არსის“ დამფუძნებელმა, ირაკლი როსტომაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ ისაუბრა.
როგორც მანვე აღნიშნა, დედაქალაქში მრავლად არის გასული საუკუნის ლიფტები, რომლითაც მოსახლეობა კვლავაც სარგებლობს. როსტომაშვილის თქმით, მსგავსი ტიპის ლიფტებით გადაადგილება საფრთხის შემცველია.
როსტომაშვილმა ასევე ისაუბრა დედაქალაქში არსებული შენობების მდგრადობაზე და აღნიშნა, რომ უკანონო და თვითნებური მიშენებები შენობების კონსტრუქციულ მდგრადობას საფრთხეს უქმნის.
„შენობის კონსტრუქცია არის ერთეულები, რომელიც ერთმანეთზეა დამოკიდებული, შესაბამისად, ნებისმიერი ცვლილება იწვევს მწყობრიდან გამოსვლას, თუმცა შეიძლება მაშინვე არც დაინგრეს შენობა-ნაგებობა. თქვენ წარმოიდგინეთ, რამდენი მიშენება-დაშენებაა თბილისში.
მაგალითად, ისტორიულ სახლებში არის ე.წ განიერი კედლები, 3 აგურზე ნაშენი, მოსახლეობამ ჩათვალა, რომ შეუძლიათ ეს კედლები გამოანგრიონ და განჯინები გააკეთონ - 5 000-დან ხუთიათასივე ასეთ ოჯახს და ისტორიულ სახლს ეს სჭირს - ჩემს სიტყვებზე ვაგებ პასუხს! ეს წარმოადგენს საფრთხეს.
ამბობენ, მანქანა რომ გაივლის, სახლი ზანზარებსო - იმიტომ ზანზარებს, რომ 70 სმ კედელს 50 სმ გამოანგრიე და კარადა გააკეთე იქ. ეს სერიოზულ პრობლემაა, ერთადერთი შვება ისტორიულ ზონას ის აქვს, რომ ნგრევა და მიწისძვრა ნაკლებად საშიშია, რადგან დაბალსართულიანი შენობებია.
კატასტროფაა წერტილოვან საცხოვრებელ სახლებში სამგორში და ვაზისუბანში, სადაც ერთსადარბაზოიანი მაღლივი შენობებია. რაღაც რომ ხდება, იქ ევაკუაციაც რთულია. რომ მიაშენეს, ამან კონსტრუქციის ერთიანობაზეც ხომ იმოქმედა?!
გარდა ამისა, თბილისში გეგულებათ, რომ დადიოდეს 1965 წელს გამოშვებული მანქანა? 10 ათასი ლიფტია ასეთი... ისიც მექანიზმია. ხალხი დადის ამ ლიფტებით. იძახიან, აბა რა ვქნათო. ნებისმიერ დროს შეიძლება უბედურება მოხდეს“, - განაცხადა ირაკლი როსტომაშვილმა.
წყარო: BPN.ge