იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, პროფესორი ივანე ჩხაიძე განმარტავს, რომ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებისგან თავის შეკავება აუცილებელია იმ დღეს, როდესაც ადამიანს აღენიშნება მაღალი ტემპერატურა ან მწვავე დაავადების ნიშნები, როგორიცაა ტემპერატურასთან ერთად ყელის ტკივილი, გამონაყარი ან ნაწლავთა მოქმედების დარღვევა.
როგორც ივანე ჩხაიძე „ინტერპრესნიუსთან“ აღნიშნავს, ვაქცინაციის შემდეგ პირველი ორი დღის განმავლობაში რეკომენდებულია ალკოჰოლის მიღებისგან თავის შეკავება. მისივე თქმით, ეს არ არის დაკავშირებული რაიმე მძიმე გართულების რისკთან, უბრალოდ, „სასურველია, ორგანიზმმა დაიცვას ეს მცირე შეზღუდვა”. მისივე თქმით, სხვა რაიმე სპეციფიკური უკუჩვენება ალკოჰოლსა და გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინას შორის არ არსებობს.
„დღეს საქართველოში 15-მდე რესპირაციული ვირუსი ცირკულირებს; მათი აქტიურობა წელიწადის სხვადასხვა დროს განსხვავებულია, თუმცა ყველაზე მეტია შემოდგომა-ზამთარში. ამ ვირუსებს შორის ყველაზე მძიმე მიმდინარეობა და ყველაზე ბევრი გართულება გრიპის ვირუსითაა გამოწვეული, ისევე როგორც გარდაცვალების შემთხვევები.
გრიპით გამოწვეული გართულებებია: ფილტვების ანთება, ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანება და გულის კუნთის დაზიანება. ყველა მათგანი შესაძლოა საშიში იყოს სიცოცხლისთვის.
ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვაა, არის თუ არა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია საყოველთაო? რა თქმა უნდა, არა. გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა შეიძლება ყველამ გაიკეთოს 6 თვის ასაკიდან, თუმცა ჯანმო გამოყოფს რისკის ჯგუფებს, სადაც ყველაზე მეტია გრიპით გამოწვეული გართულების ალბათობა, სწორედ ამიტომ, რისკის ჯგუფებისთვის ვაქცინაცია კატეგორიულად აუცილებელია.
მაღალი რისკის ჯგუფში შედიან: მცირე ასაკის ბავშვები (განსაკუთრებით 5 წლამდე ასაკის ბავშვები); ხანდაზმულები; ქრონიკული დაავადებების მქონე პირები (მაგალითად: გულ-სისხლძარღვთა სისტემის, ფილტვების ქრონიკული პათოლოგიების, შაქრიანი დიაბეტისა და სხვა მძიმე თანმხლები დაავადებების მქონეები); ორსულები; იმუნოდეფიციტური მდგომარეობის მქონე პირები. ამ ფენების მონაწილეობა ვაქცინაციის პროცესში ერთადერთი შესაძლებლობაა, აირიდონ ინფიცირება და მძიმე გართულება.
უნდა აღინიშნოს ერთადერთი გარემოება: გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება არ შეიძლება ვაქცინაციის დღეს მაღალი ტემპერატურისა და მწვავე დაავადების ნიშნების არსებობისას, როგორიცაა, მაგალითად, გამონაყარი, ყელის ტკივილი ან ნაწლავთა მოქმედების დარღვევა. ასეთ დროს ვაქცინაცია უნდა გადავადდეს, სანამ ადამიანი გამოჯანმრთელდება.
ალკოჰოლთან დაკავშირებითაც არის კითხვები: სასურველია, პირველი დღის განმავლობაში თავი შეიკავოთ ალკოჰოლის მიღებისგან არა გართულების ან შესაძლო გვერდითი მოვლენის გამო, ამიტომ ამ პერიოდში სჯობს, ცხოვრების ჯანსაღი წესით იმოქმედოთ. რაიმე სპეციფიკური უკუჩვენება ან შეზღუდვა არ არსებობს.
ყოველ წელს ახალი ვაქცინის გაკეთება აუცილებელი და სასურველია: გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა მოქმედებს არაუმეტეს 6 თვისა, რადგან ის პირდაპირ კავშირშია გრიპის სეზონთან (საქართველოში გრიპის სეზონი გრძელდება 6-8 თვე).
ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ იდეალური პერიოდი საქართველოში აცრისთვის არის ოქტომბრის მეორე ნახევარი - ნოემბრის პირველი ნახევარი. მომდევნო 1 თვე იდეალური პერიოდია. გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა მოქმედების მაქსიმუმს აღწევს გაკეთებიდან 2 კვირის შემდეგ“, - აღნიშნა ჩხაიძემ.
მანვე განმარტა, რომ წელს ქვეყანაში გრიპის საწინააღმდეგო სამკომპონენტიანი ვაქცინა იქნება ხელმისაწვდომი. ჩხაიძის თქმით, გასულ წელს გრიპის საწინააღმდეგო 4-კომპონენტიანი ვაქცინა იყო - აქედან 2 „ა“ ტიპის და 2 „ბე“ ტიპის ვირუსზე მორგებული, თუმცა „ბე“ ტიპის ვირუსი, რომელიც შესული იყო ამ ვაქცინის შემადგენლობაში, ბოლო პერიოდში აღარ იწვევდა დაავადებებს.
ივანე ჩხაიძის თქმით, აცრის ჩატარება შესაძლებელია ქვეყნის მასშტაბით იმუნიზაციის სერვისის მიმწოდებელ ყველა ავტორიზებულ სამედიცინო დაწესებულებაში.