დეკანოზი, მიუნხენის წმ. ვახტანგ გორგასლის სახელობის ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმსახური თამაზ ლომიძე საქართველოში განვითარებულ მოვლენებს სოციალური ქსელით ეხმაურება და წერს, რომ ქვეყანა უნდა გათავისუფლდეს "ქართული ოცნების" მავნებლობისგან.

"საქართველო უნდა გათავისუფლდეს "ქართული ოცნების" მავნებლობისგან. დაიღალა  ქვეყანა ამათი მდაბიო ტყუილებისგან, ამათი თაღლითური ტრიუკებისგან, კრემლის კაბინეტებში  მოფიქრებული  და ამათი შესრულებული სიბოროტისგან, ამათი პროვინციალიზმისგან და მდაბიო ვაჭრობისგან. რამდენი წელია უკვე, როგორც მდაბიო ჯალათები ფსიქოლოგიურად აწამებენ ხალხს. სისტემატიურად და მიზანმიმართულად აკეთებენ რაღაც წარმოუდგენლად ცუდს, დამთრგუნველს, ქვეყნისთვის და მისი ღირსებისთვის შეურაცხმყოფელს. თან ისე ჯალათურად, რომ ერთი ფსიქოლოგიური სტრესისგან არაა ჯერ გამოსული ხალხი, რომ მეორეს და მესამეს უმატებენ. თითქოს უნდათ, რომ ბოლომდე მოსპონ და მოშალონ ყველანაირი ღირსება და ეროვნული მუხტი. თქვენ მართლა თქვენი ფერმა ხომ არ გგონიათ ეს ქვეყანა, თქვე თავხედებო? ამაზრზენია და აუტანელია უკვე ყურება თუ როგორ თავხედურად ვაჭრობენ ქვეყნის და ხალხის ბედით ისე, თითქოს საკუთარ ბაზარში იყვნენ. მორჩა, ხალხი ამას აღარ აიტანს. ქართულმა ოცნებამ დაუყოვნებლივ თავი უნდა დაანებოს საქართველოს. წადით, შეგვეშვით და გადაიკარგეთ. ისტორია თქვენს შესაფერ, მოღალატის  სახელს დაგარქმევთ ძალიან მკაცრად. თქვენ 12 წელია ზიანის მეტი არაფერი მოუტანეთ ჩვენს სამშობლოს. იქნებ ღმერთმა შეგინდოთ, თუ გაიაზრებთ, რაც ჩაიდინეთ, ერი კი თავად გამოგიტანთ განაჩენს!" - წერს სასულიერო პირი სოციალურ ქსელში. 

შეგახსენებთ, მესამე დღეა, საქართველოს პარლამენტთან ევროინტეგრაციის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. დემონსტრანტები აპროტესტებს მთავრობის გადაწყვეტილებას, 2028 წლის ბოლომდე მოხსნან დღის წესრიგიდან საქართველოს ევროკავშირში გაწევრებაზე მოლაპარაკებების დაწყება.  

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 29-30 ნოემბრის საპროტესტო აქციის დროს, სამართალდამცველთა მიერ პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის 107 პირია დაკავებული. ანუ უწყებამ ერთ ღამეში 107 ადამიანი დააკავა. მათივე ინფორმაციით, დაშავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს 10 თანამშრომელი. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 29 ნოემბრის აქციიდან სამედიცინო დაწესებულებებში 40 პირი გადაიყვანეს.  

რამდენიმე ადამიანი დააკავეს აქციის მესამე დღესაც. სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ რამდენჯერმე გამოიყენა წყლის ჭავლი და ე.წ. გაზის კაფსულები. მოქალაქეები პიროტექნიკის გამოყენებით ცდილობდნენ, თავი დაეცვათ ძალოვნების შემოტევისგან. ამ დრომდე ჭავჭავაძის გამზირზე აქციის მონაწილეებს გადაკეტილი აქვთ გზები და ამტკიცებენ, რომ უწყვეტი პროტესტი გაგრძელდება.

მიმდინარე პროცესებისგან დისტანცირებისა და პროტესტის ნიშნად სამსახურები დატოვეს: ეროვნული ბანკის ასეულობით თანამშრომელმათბილისის მერიის თანამშრომლების ნაწილმა, იუსტიციის სახლის ათეულობით და საგარეო საქმეთა სამინისტროს ასეულობით თანამშრომელმა, საჯარო რეესტრის ასეულობით თანამშრომელმა, პროსახელისუფლებო მედიის რამდენიმე ჟურნალისტმა. "ქართული ოცნების" ანტიდასავლურ პოლიტიკას გაემიჯნა სემეკისა და პარლამენტის თანამშრომლების ნაწილი. პოსტები დატოვეს და "ქართული ოცნების" ანტიევროპულ პოლიტიკას გაემიჯნენ ქართველი დიპლომატები, ელჩებისაქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცედურების შეწყვეტას გაემიჯნენ სოციალური მუშაკებიც. ძალადობა დაგმეს და ევროინტეგრაციის გზაზე მოქალაქეებს თანადგომა გამოუცხადეს მსხვილმა კომერციულმა ბანკებმაც.

საქართველოს ევროპული გზიდან გადახვევა და რუსეთის წიაღში დაბრუნება კატეგორიულად მიუღებელია ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლებისთვისაც. იგივე პოზიცია აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალსაც, რომლებიც საჯარო განცხადებით გაემიჯნენ "კონსტიტუციისა და ევროკავშირში ინტეგრაციის კურსის ღალატის ნებისმიერ მცდელობას". ამავე შინაარსის განცხადებებს ავრცელებენ და ევროკავშირთან მოლაპარაკების შეწყვეტას გმობენ სხვადასხვა საჯარო თუ კერძო ორგანიზაციები.

ძალადობა დაგმო და ქართველ ხალხს თანადგომა გამოუცხადა სპორტსმენების ნაწილმა. პროტესტის ნიშნად დაიხურა რამდენიმე რესტორანი. გაკვეთილის ჩატარებაზე უარი თქვა რამდენიმე პედაგოგმა. 

ხელისუფლების გადაწყვეტილება დაგმო სხვადასხვა დარგობრივმა ბიზნესგაერთიანებებმა და ასოციაციებმა.

სპექტაკლები გააუქმეს ან გადადეს თეატრებმა.

პრეზიდენტ ზურაბიშვილის შეფასებით, მასობრივი პროტესტი ეროვნულ დაუმორჩილებლობაში იზრდება

საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა აშშ-მა.