უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ დონალდ ტრამპის მოთხოვნის მიუხედავად, უკრაინა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ობიექტებზე დარტყმების შეწყვეტას არ გეგმავს,- ამის შესახებ ზელენსკიმ The Wall Street Journal-თან ინტერვიუში ისაუბრა.
მისი თქმით, ერთი კვირის წინ სატელეფონო საუბრისას ტრამპმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმების შეჩერების საკითხი დააყენა. აშშ-ის პრეზიდენტი უკრაინულ დარტყმებს დიზელის გლობალური დეფიციტისა და შეერთებულ შტატებში საწვავის გაძვირების ერთ-ერთ მიზეზად ასახელებს.
ზელენსკის განცხადებით, საწვავის ფასებზე გავლენას რუსეთის ობიექტებზე თავდასხმებთან ერთად სხვა ფაქტორებიც ახდენს და ამ კონტექსტში განსაკუთრებით ჰორმუზის სრუტეში ნავთობისა და საწვავის გადაზიდვებთან დაკავშირებული ვითარება მნიშვნელოვანია.
Bloomberg-ის ინფორმაციითაც, გლობალურ დიზელის ბაზარზე არსებული წნეხის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომთან დაკავშირებული მიწოდების შეფერხებებია. ამასთან, გამოცემა აღნიშნავს, რომ რუსული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების წინააღმდეგ უკრაინის დარტყმებმა რუსეთში საწვავის წარმოებაზეც იმოქმედა.
აშშ-ში დიზელის ფასი ამჟამად რეკორდულ ნიშნულზეა. WSJ-ის ცნობით, სექტემბერში ფასი გალონზე $6.5-ს გადასცდა, მაშინ როცა გლობალურ ბაზარზე მიწოდების პრობლემებს როგორც ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება, ისე რუსულ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები და სხვა ფაქტორები აძლიერებს.
ტრამპმა უკრაინას რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმების შეჩერებისკენ საჯაროდაც მოუწოდა. პარალელურად, უკრაინა აგრძელებს რუსეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს.