სინგაპურის ეროვნული ბიბლიოთეკების საბჭომ „დუმსქროლინგთან“ ბრძოლის მიზნით ახალი პროგრამა დაიწყო. სოციალურ ქსელებში უსასრულო სქროლვის წინააღმდეგ ამოქმედებული პროგრამის ფარგლებში, მოქალაქეებს ყოველდღიურად წიგნების კითხვისთვის ფულად ჯილდოს მიიღებენ. ამის შესახებ The Guardian წერს.
პროგრამის მონაწილეებმა წიგნის კითხვას დღეში მინიმუმ 15 წუთი უნდა დაუთმონ. ყოველი კითხვის სესიის დასრულების შემდეგ, მათ მთავრობის ვებგვერდზე უნდა დააფიქსირონ, რომ იკითხეს. სისტემა კითხვისთვის დახარჯულ დროს ითვლის და მონაწილეს ყოველ სესიაზე 20 ვირტუალურ მონეტას ურიცხავს. დაგროვებული 1 000 ვირტუალური მონეტის გადაცვლა კი, 1 სინგაპურულ დოლარში იქნება შესაძლებელი. შესაბამისად, ამ თანხის მისაღებად მონაწილემ 50 დღის განმავლობაში ყოველდღიურად უნდა იკითხოს.
ბიბლიოთეკების საბჭოს ხელმძღვანელის, მელისა ტამის განცხადებით, ინიციატივის მიზანია ადამიანებში ყურადღების კონცენტრაციისა და კრიტიკული აზროვნების განვითარება. მისი თქმით, მოკლე საინფორმაციო მასალები ვერ ანაცვლებს დიდ ტექსტებში სიღრმისეულ ჩაძირვას.
ეროვნული განათლების ინსტიტუტის მკვლევარმა ლო ჩინ იმ აღნიშნა, რომ პროექტი კითხვას თამაშის ფორმას აძლევს. მისი შეფასებით, დღეში 15 წუთი ოპტიმალური დროა კითხვის ჩვევის ჩამოსაყალიბებლად.
სინგაპურის ხელისუფლება აქცენტს ფინანსური ჯილდოს ოდენობაზე მეტად, კითხვის რეგულარულობაზე აკეთებს. მცირე ფულადი ბონუსი მხოლოდ საწყის მოტივაციად არის მიჩნეული.
პროგრამამ საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ინიციატივის კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ფული ადამიანებს ლიტერატურისადმი გულწრფელ სიყვარულს ვერ გაუჩენს. მხარდამჭერები კი ფიქრობენ, რომ ადამიანების ციფრული ხმაურისგან ყურადღების გადასატანად, ნებისმიერი ასეთი გზა სასარგებლოა.