მონაკოს ფინანსურმა მარეგულირებელმა ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში ბანკებისა და აქტივების მმართველი კომპანიების კონტროლი გააძლიერა. შემოწმებების შედეგად, იმ კლიენტების ანგარიშების დახურვა დაიწყო, რომლებმაც საკუთარი ქონებისა და თანხების წარმომავლობის დამადასტურებელი დოკუმენტები ვერ წარადგინეს.
The Moscow Times-ის ინფორმაციით, მარეგულირებლის მიერ გამოვლენილი პრობლემური შემთხვევების დაახლოებით მესამედი რუსეთთან დაკავშირებულ კლიენტებს ეხება.
მონაკოს ფინანსური ზედამხედველობის ორგანო AMSF-ის შემოწმება რამდენიმე მსხვილ ფინანსურ ინსტიტუტს, მათ შორის UBS Monaco-ს, Banque Havilland-სა და Julius Baer-ს შეეხო. დარღვევებს შორის დასახელდა კლიენტების ქონების წარმომავლობის არასათანადო შესწავლა, სანქციებთან და შესაძლო კრიმინალურ კავშირებთან დაკავშირებული რისკების არასაკმარისი შეფასება და საეჭვო ტრანზაქციების სათანადოდ გამოუკვლევლობა.
შემოწმების ფარგლებში ანგარიშის დახურვა შეეხო ალიშერ უსმანოვის დას, საოდათ ნარზიევას. UBS Monaco-მ ანგარიში 2025 წლის მარტში დახურა, მას შემდეგ, რაც მარეგულირებელმა დაადგინა, რომ ბანკს მისი ძმისგან მიღებული თანხების წარმომავლობის შესახებ საკმარისი დოკუმენტაცია არ ჰქონდა.
მონაკოს გამკაცრებული კონტროლი უკავშირდება ქვეყნის მცდელობას, დატოვოს FATF-ის „რუხი სია“, რომელშიც სამთავრო 2024 წელს ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის სისტემაში არსებული ხარვეზების გამო მოხვდა.