უკრაინის მეტალურგიულმა საწარმოებმა 2026 წლის აგვისტოში ფოლადის ნახევარფაბრიკატების ექსპორტი მკვეთრად შეამცირეს. GMK Center-ის (უკრაინული საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი) ინფორმაციით, რომელიც უკრაინის სახელმწიფო საბაჟო სამსახურის მონაცემებს ეყრდნობა, აგვისტოში ექსპორტი ივლისთან შედარებით 76%-ით, ხოლო გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 71%-ით შემცირდა და 26 ათასი ტონა შეადგინა.
ყველაზე მეტად ექსპორტი ბულგარეთის მიმართულებით შემცირდა. აგვისტოში უკრაინამ ბულგარეთში მხოლოდ 3 ათასი ტონა ნახევარფაბრიკატი გაიტანა, რაც ივლისის მაჩვენებელზე 31-ჯერ, ხოლო 2025 წლის აგვისტოს მაჩვენებელზე შვიდჯერ ნაკლებია.
ფოლადის ნახევარფაბრიკატების ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი აგვისტოში 15.3 მილიონ დოლარამდე შემცირდა, რაც ივლისთან შედარებით 73%-იანი, ხოლო წლიურად 63%-იანი კლებაა.
2026 წლის იანვარ-აგვისტოში უკრაინამ 900.2 ათასი ტონა ფოლადის ნახევარფაბრიკატი გაიტანა, რაც გასული წლის იმავე პერიოდზე 13%-ით მეტია. რვა თვის განმავლობაში ძირითადი საექსპორტო ბაზრები ბულგარეთი — 386 ათასი ტონა, პოლონეთი - 120 ათასი ტონა და თურქეთი — 111 ათასი ტონა იყო.
ამასთან, უკრაინის მეტალურგიის მდგომარეობას წარმოების შემცირებაც ართულებს. Ukrmetallurgprom-ის მონაცემებით, 2026 წლის აგვისტოში ქვეყანაში ფოლადის წარმოება წლიურად 57.3%-ით, 277 ათას ტონამდე შემცირდა. იანვარ-აგვისტოში კი, ფოლადის წარმოებამ 3.59 მილიონი ტონა შეადგინა, რაც წლიურად 12.5%-იანი კლებაა.
გარდა ამისა, ასევე ცნობილი გახდა, რომ უკრაინამ აგვისტოში შავი ზღვის პორტების ბლოკადის გამო თუჯის ექსპორტი სრულად შეაჩერა - გადაზიდვების მოცულობა ნულამდე დაეცა.
თუ პორტების ბლოკადა უახლოეს პერიოდში არ მოიხსნება, უკრაინის ეკონომიკისთვის ზარალი შესაძლოა კიდევ უფრო გაიზარდოს.
საერთაშორისო სავაჭრო პალატის უკრაინის ეროვნული კომიტეტის შეფასებით, ქვეყანამ შესაძლოა დაახლოებით 10 მილიარდი დოლარის მშპ, 17 მილიარდი დოლარის საექსპორტო შემოსავალი და 8.5 მილიარდი დოლარის საგადასახადო შემოსავლები დაკარგოს.
ამასთან, მსოფლიო ბაზრებზე შესაძლოა 30 მილიონ ტონაზე მეტი აგროპროდუქტის გატანა ვერ მოხერხდეს.