ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე, დაცული ტერიტორიების სააგენტოს სპეციალისტების მიერ განხორციელებული ქურციკების მონიტორინგის შედეგად, სახეობის რაოდენობამ 729 ინდივიდი შეადგინა.
მონიტორინგი ჩატარდა პარალელური ტრანსექტების მეთოდით, რაც ტერიტორიის წინასწარ განსაზღვრულ მონაკვეთებად დაყოფასა და მათ ერთდროულ აღრიცხვას გულისხმობს. პროცესში 12 ავტომობილი მონაწილეობდა, რომლებიც სამუხის ველზე პარალელურ მარშრუტებზე გადაადგილდებოდნენ. ეკიპაჟები რაციებით ცვლიდნენ ინფორმაციას დაფიქსირებული ქურციკების რაოდენობისა და ადგილმდებარეობის შესახებ, რაც აღრიცხვის პროცესის კოორდინაციასა და ერთი და იმავე ინდივიდების განმეორებით დათვლის თავიდან აცილებას უზრუნველყოფდა.
ქურციკების მონიტორინგის პროცესში სააგენტოს სპეციალისტებთან ერთად მონაწილეობდა დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კუპატაძე.
მონიტორინგის შედეგების მიხედვით, ქურციკების რაოდენობა გასულ წელთან შედარებით მნიშვნელოვნად გაიზარდა - 2025 წელს ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე 519 ინდივიდი აღირიცხა. გასული წლების მონიტორინგის მონაცემებიც სახეობის პოპულაციის ზრდის დადებით ტენდენციას აჩვენებს. ეს მიუთითებს, რომ ქურციკების პოპულაცია ეტაპობრივად იზრდება და ბუნებრივ გარემოში დამკვიდრების პროცესს აგრძელებს.
ქურციკის საქართველოში აღდგენისა და ბუნებრივ გარემოში დაბრუნების პროექტი 2013 წელს დაიწყო. პროექტის ფარგლებში, ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე, კერძოდ, სამუხის ველზე, აზერბაიჯანიდან ქურციკების შემოყვანა და ბუნებაში გაშვება განხორციელდა. აღნიშნული ინიციატივა საქართველოში სახეობის აღდგენის წარმატებული მაგალითია.
ქურციკის პოპულაციის აღდგენისა და კონსერვაციის პროცესში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდს (WWF), რომელთანაც დაცული ტერიტორიების სააგენტო წლებია თანამშრომლობს. მიმდინარე წელს ქურციკების მონიტორინგიც სააგენტოსა და WWF-ის ერთობლივი მონაწილეობით განხორციელდა. პოპულაციის რაოდენობისა და დინამიკის რეგულარული შეფასება სახეობის დაცვისა და აღდგენის ღონისძიებების ეფექტიანად დაგეგმვის მნიშვნელოვანი წინაპირობაა.
ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს