საქართველოს ბანკის კამპანიებმა ADCE-ს საერთაშორისო ფესტივალზე სამი ჯილდო მოიპოვა. Art Directors Club of Europe (ADCE) Awards-ს ფარგლებში გამარჯვებულები ბარსელონაში გამოვლინდნენ.

საქართველოს ბანკის სამმა კამპანიამ, რომელიც სტუდია JoyBoy-სთან თანამშრომლობით შეიქმნა, სამი მედალი მოიპოვა შემდეგ კატეგორიებში:

  • ვერცხლი: Sukhishvili - Endless stage, დიზაინის და კორპორატიული ბრენდინგის კატეგორია;
  • ბრინჯაო: Sukhishvili - Where the dance was born; ფილმი & აუდიო კრაფტი;
  • ბრინჯაო: The New Wave of Chess, დიზაინი.

შეგახსენებთ, რომ ADCE Awards (Best of European Design and Advertising) ყოველწლიურად ევროპის საუკეთესო კრეატიულ ნამუშევრებს ავლენს. კონკურსში მონაწილეობას იღებენ როგორც ADCE-ის 25 წევრის მიერ ორგანიზებული ადგილობრივი ფესტივალების, ასევე ევროპაში არსებული სხვა კონკურსების მონაწილე კამპანიები და სააგენტოები. შედეგად, ADCE-ის ფარგლებში, ადგილობრივ და ეროვნულ დონეზე აღიარებული ნამუშევრები ევროპულ ასპარეზზე ინაცვლებს.

წელს, 35-ე გამოცემის ფარგლებში, კონკურსი პირველად გაიხსნა ADCE-ის წევრი კლუბების ადგილობრივი კონკურსების ყველა მონაწილისთვის. ამ მიდგომამ კრეატიულ პროფესიონალებს საშუალება მისცა, საკუთარი ნამუშევრები ფართო აუდიტორიისთვის გაეცნოთ და საერთაშორისო ცნობადობა მოეპოვებინათ. წლევანდელ კონკურსზე 801 ნამუშევარი იყო წარდგენილი.

გამარჯვებული ნამუშევრების ნახვა შესაძლებელია ბმულზე: https://adceurope.awardhub.org/