ევროკომისიამ ევროკავშირის საბჭოს შესთავაზა, გააუქმოს უნგრეთის მიმართ 2022 წელს მიღებული ზომები, ვინაიდან მიიჩნევს, რომ უნგრეთმა აღმოფხვრა კანონის უზენაესობის ის დარღვევები, რომლებიც გავლენას ახდენდა ევროკავშირის ბიუჯეტზე, - ამის შესახებ კომისიის პრესრელიზშია აღნიშნული.
“უნგრეთმა მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა კანონის უზენაესობის განმტკიცებისა და კავშირის ფინანსური ინტერესების დაცვის მიმართულებით. დღეს ჩვენ გამოვდივართ ინიციატივით, განიბლოკოს 4,2 მილიარდი ევრო და უნგრელ სტუდენტებსა თუ მეცნიერებს კვლავ მიეცეთ წვდომა „Erasmus+“ და „Horizon Europe“ პროგრამებზე. მოხარული ვარ, რომ მათ კვლავ სრულად შეეძლებათ ისარგებლონ იმ შესაძლებლობებით, რომლებსაც ჩვენი კავშირი ქმნის. ეს ადასტურებს, რომ რეფორმებს შედეგი მოაქვს”, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
პრესრელიზში აღნიშნულია, რომ თუ საბჭო წინადადებას დაამტკიცებს, უნგრეთს 4.2 მილიარდი ევროს ოდენობის შეჩერებული დაფინანსება აღუდგება და უნგრეთის საჯარო ინტერესების მქონე ტრასტების მიერ მართული უნივერსიტეტების სტუდენტებისა და მკვლევრებისთვის „Erasmus+“-სა და „Horizon Europe“-ზე წვდომა აღდგება.
ცნობისთვის, 2022 წლის 15 დეკემბერს საბჭომ, კომისიის წინადადების საფუძველზე, მიიღო საიმპლემენტაციო გადაწყვეტილება, რომელიც ადგენს ზომებს უნგრეთში კანონის უზენაესობის პრინციპების დარღვევისგან კავშირის ბიუჯეტის დასაცავად. აღნიშნული დარღვევები უკავშირდებოდა ისეთ სფეროებს, როგორიცაა: სახელმწიფო შესყიდვები, პროკურატურის საქმიანობა, ინტერესთა კონფლიქტი, კორუფციასთან ბრძოლა და საჯარო ინტერესის მქონე ტრასტები.
საბჭოს მიერ მიღებული ორი ზომა მოიცავდა: 2021-2027 წლების პერიოდში კოჰეზიის პოლიტიკის სამი პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული საბიუჯეტო ვალდებულებების 55%-ის შეჩერებას და კომისიისთვის აკრძალვის დაწესებას, აიღოს ახალი სამართლებრივი ვალდებულებები საჯარო ინტერესის მქონე ტრასტებთან და მათ მიერ მართულ სუბიექტებთან ისეთი პროგრამების ფარგლებში, რომლებიც ხორციელდება ევროკავშირის დაფინანსებით და ექვემდებარება პირდაპირ ან არაპირდაპირ მართვას (მაგალითად, Erasmus+ და Horizon).
წყარო: interpressnews.ge