კახეთის რეგიონში 23 სექტემბრის მდგომარეობით 38 ათას ტონამდე ყურძენი გადამუშავდა, რომლის 74% — დაახლოებით 28 ათასი ტონა - მაღალი ხარისხისაა. ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, რთული კლიმატური პირობების მიუხედავად, გადამუშავებულ მოსავალში მკვახე და უხარისხო ყურძნის რაოდენობა მცირეა ასეთი მხოლოდ 147 ტონა აღმოჩნდა.

"ამ ეტაპისთვის გადამუშავებული ყურძნის დიდი ნაწილი საუკეთესო და ხარისხიანია. ძალიან მცირე რაოდენობის, 38 ათასი ტონიდან - 147 ტონამდე ჩაბარდა მკვახე და უხარისხო. ჩვენი მევენახეების 74%-მა ხარისხიანი ყურძენი მოიყვანა და ამისთვის თითოეულ მათგანს მადლობა მინდა გადავუხადო",- აღნიშნა მეხუზლამ.

კახეთში რთველის პროცესს 22 სექტემბერს მევენახეების პროტესტი მოჰყვა. ისინი ყურძნის ჩაბარების პირობებსა და შაქრიანობის მიხედვით დაწესებულ ფასებს აპროტესტებდნენ. საპროტესტო აქციის შემდეგ სახელმწიფომ დიფერენცირებული ტარიფები შეცვალა.

განახლებული პირობებით, სახელმწიფო კომპანია „მოსავლის მართვის კომპანია“ ფიზიკური პირებისგან ყურძენს შემდეგი ტარიფებით იბარებს:

საფერავი:

  • 20% და მეტი შაქრიანობა — 1.50 ლარი/კგ;
  • 16%-დან 20%-მდე — 1 ლარი/კგ;
  • 16%-ზე ნაკლები — 0.50 ლარი/კგ.

რქაწითელი და სხვა ნებადართული საღვინე ჯიშები:

  • 19% და მეტი — 1.30 ლარი/კგ;
  • 16%-დან 19%-მდე — 0.90 ლარი/კგ;
  • 16%-ზე ნაკლები — 0.50 ლარი/კგ.