ამერიკელი მილიარდერი ტოდ ბოული „ლუკოილის“ საერთაშორისო აქტივების შესაძენად მიმდინარე ბრძოლაში ჩართვას გეგმავს, - ამის შესახებ „Financial Times“ საქმის დეტალებზე ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ცნობით, ბოულიმ გარიგებისთვის აშშ-ის მთავრობისა და დონალდ ტრამპის ოჯახთან დაახლოებული სპარსეთის ყურის გავლენიანი პირების მხარდაჭერა მოიპოვა. მისი მიზანია, ამერიკული საინვესტიციო კომპანია „კარლაილი“ გარიგებიდან ჩამოაშოროს. „კარლაილმა“ „ლუკოილის“ უცხოური აქტივების შეძენაზე შეთანხმებას მიმდინარე წლის დასაწყისში მიაღწია.
ბოული შესაძლო გარიგებაზე რამდენიმე თვეა მუშაობს.
„ლუკოილის“ საერთაშორისო აქტივების ღირებულება დაახლოებით 20 მილიარდ დოლარადაა შეფასებული. პორტფელში შედის ნავთობისა და გაზის საბადოები ცენტრალური აზიიდან მექსიკის ყურემდე, ათასობით ავტოგასამართი სადგური და ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები ევროპაში, მათ შორის ბულგარეთსა და რუმინეთში.