აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ოფიციალური მემკოინის, $TRUMP-ის ღირებულება ისტორიულ მაქსიმუმთან შედარებით თითქმის 99%-ით შემცირდა. 2025 წლის იანვარში გაშვების შემდეგ ტოკენის ფასი ერთ მომენტში 73.43 დოლარს აჭარბებდა, თუმცა 2026 წლის ნოემბერში ერთ დოლარზე დაბლა დაეცა. 23 ნოემბრის მონაცემებით, მისი ფასი დაახლოებით 0.89 დოლარი იყო. ამასთან, 21 ნოემბერს ტოკენმა ისტორიულ მინიმუმს - 0.8051 დოლარს მიაღწია.
კრიპტოვალუტის გაუფასურებასთან ერთად შემცირდა ინვესტორების ინტერესიც. ამის ერთ-ერთი მაგალითია 22 ნოემბერს ვირჯინიაში, ტრამპის გოლფკლუბში გამართული დახურული ვახშამი, რომელზეც პრეზიდენტმა საკუთარი მემკოინის ყველაზე მსხვილი მფლობელები მიიწვია. ღონისძიებაზე 185 კრიპტოსაფულე უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი, თუმცა კონკურსის დასრულებისას საჯარო რეიტინგში მხოლოდ 130 საფულე ფიქსირდებოდა. მათ მფლობელობაში არსებული ტოკენების საერთო ღირებულება დაახლოებით 8.6 მილიონ დოლარს შეადგენდა. შედარებისთვის, 2025 წლის მაისში გამართული პირველი მსგავსი ღონისძიების მონაწილეთა საფულეებში 148 მილიონი დოლარის ღირებულების ტოკენები იყო თავმოყრილი.
ინტერესის შემცირებას ისიც ადასტურებს, რომ პირველ ღონისძიებაზე მიწვევის მისაღებად ინვესტორებს დაახლოებით 55 000 დოლარის ღირებულების ტოკენების ფლობა სჭირდებოდათ, ამჯერად კი ერთ-ერთმა მონაწილემ ადგილის მოპოვება მხოლოდ 518 დოლარის ღირებულების ტოკენებით შეძლო. ამასთან, ღონისძიების ორგანიზატორებმა რეგისტრაციის ვადა ოთხი დღით გაახანგრძლივეს, თუმცა პოტენციურად კვალიფიციური 5 000-ზე მეტი მფლობელი ღონისძიებაზე დასარეგისტრირებლად არ გამოცხადდა. ინფორმაციას Reuters და The Washington Post ავრცელებენ.
თავად დონალდ ტრამპმა ღონისძიებაზე კრიპტოვალუტების მხარდაჭერა აშშ-ისა და ჩინეთის ეკონომიკურ კონკურენციას დაუკავშირა. მისი განცხადებით, ამ ინდუსტრიის განვითარება ამერიკისთვის მნიშვნელოვანია, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ამ მიმართულებით ჩინეთი დაწინაურდება. ამავე დროს, ტრამპის კრიპტოპროექტები პოლიტიკოსებისა და ეთიკის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების ყურადღების ცენტრშია. Reuters-ის ანალიზის თანახმად, ტრამპის ოჯახის ხუთ მთავარ კრიპტოპროექტში გარე ინვესტორებმა ჯამურად 5 მილიარდ დოლარზე მეტი დაკარგეს, მაშინ როდესაც თავად $TRUMP ტოკენმა პრეზიდენტის ოჯახს სულ მცირე 635 მილიონი დოლარის შემოსავალი მოუტანა.