"საერთაშორისო სავაჭრო პალატის” ქართული ოფისის ხელმძღვანელი ფასი ასლი ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს აფასებს. ის მადლობას უხდის ყველას, ვინც სამართლიან პროტესტს გამოხატავს.

"გმირები არიან ისინი, ვინც სიცივეში ქუჩებში დგანან,მაგრამ ასევე ყველა დიპლომატი ,მასწავლებელი, სახელმწიფო მოხელე და საჯარო მოხელე გმირია, რომელიც საფრთხის ქვეშ აყენებს მის საარსებო წყაროს გადადგომით,ასევე განცხადებების გაცემით ან თუნდაც სოციალურ ქსელებში მხარდამჭერი პოსტების წერით. მომავალი თაობები სამუდამოდ მადლიერი იქნებიან თქვენი მსხვერპლისთვის.გმადლობთ!" - წერს ფადი ასლი სოციალურ ქსელში.

"საერთაშორისო სავაჭრო პალატის” ქართული ოფისის ხელმძღვანელი ქართული პროტესტის სწორ ფორმაზე ამახვილებს ყურადღებას და ხაზს უსვამს ქართველი ხალხის მაღალ პასუხისმგებლობას, დიდ სამოქალაქო შეგნებასა და კერძო საკუთრებისადმი პატივისცემას, რადგან, მისი დაკვირვებით, აქციებზე მოქალაქეები არ ამსხვრევენ შენობების ვიტრინებს, არ აზიანებენ მანქანებს, განათებებს, რაც ხშირია ხოლმე დასავლეთის ქვეყნების საპროტესტო აქციებზე. 

"ყველაზე მეტად გუშინ საპროტესტო აქციების დროს, მიუხედავად იმ დრამისა ის იყო, რომ მომიტინგეებს არც ერთი მაღაზიის ვიტრინა არ დაუზიანებიათ და არც ერთი მანქანის უკანა შუქი არ დაუმსხვრევიათ. ეს განსხვავდება იმისგან, რაც ხშირად ხდება დასავლეთის დედაქალაქებში საპროტესტო აქციების დროს. ეს მიუთითებს ქართველი ხალხის პასუხისმგებლობის დიდ სამოქალაქო შეგნებაზე და კერძო საკუთრებისადმი პატივისცემაზე," - წერს ფადიუ ასლი სოციალურ ქსელში და არც დასავლელი პარტნიორების კრიტიკას ერიდება. 

მისი შეფასებით, ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, 2020 წლის გაყალბებული არჩევნების პირდაპირი შედეგია, როდესაც ევროკავშირმა და აშშ-მაც ძლიერი ზეწოლა მოახდინეს ოპოზიციაზე, მიეღოთ გაყალბებული შედეგები და შესულიყვნენ პარლამენტში. 

"ის, რაც დღეს საქართველოში ხდება, 2020 წლის გაყალბებული არჩევნების პირდაპირი შედეგია, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ მოიპარა უმრავლესობა და რის შემდეგაც ევროკავშირმა და აშშ-მაც ძლიერი ზეწოლა მოახდინეს ოპოზიციაზე, მიეღოთ გაყალბებული შედეგები და შესულიყვნენ პარლამენტში. იმ დროს ევროკავშირი და აშშ რომ საკუთარ ღირებულებებსა და პრინციპებზე დამდგარიყვნენ და არჩევნების ლეგიტიმურობაზე უარი ეთქვათ, საქართველო არ აღმოჩნდებოდა ახლა ამჟამინდელ საგარეო მდგომარეობაში და რუსეთის კალთაში არ ამოყოფდა თავს. ეს არის შიშველი სიმართლე!" - წერს ფადი ასლი.

ის საქართველოს მოსახლეობას ურჩევს დანაზოგები ლარში არ შეინახონ და სესხები უცხოურ ვალუტაში არ აიღონ, რაც იმას ნიშნავს, რომ "საერთაშორისო სავაჭრო პალატის” ქართული ოფისის ხელმძღვანელი შექმნილ ვითარებაში ეკონომიკურ რისკებს ხედავს. 

შეგახსენებთ, მესამე დღეა, საქართველოს პარლამენტთან ევროინტეგრაციის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. დემონსტრანტები აპროტესტებს მთავრობის გადაწყვეტილებას, 2028 წლის ბოლომდე მოხსნან დღის წესრიგიდან საქართველოს ევროკავშირში გაწევრებაზე მოლაპარაკებების დაწყება.  

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 29-30 ნოემბრის საპროტესტო აქციის დროს, სამართალდამცველთა მიერ პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის 107 პირია დაკავებული. ანუ უწყებამ ერთ ღამეში 107 ადამიანი დააკავა. მათივე ინფორმაციით, დაშავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს 10 თანამშრომელი. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 29 ნოემბრის აქციიდან სამედიცინო დაწესებულებებში 40 პირი გადაიყვანეს.  

რამდენიმე ადამიანი დააკავეს აქციის მესამე დღესაც. სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ რამდენჯერმე გამოიყენა წყლის ჭავლი და ე.წ. გაზის კაფსულები. მოქალაქეები პიროტექნიკის გამოყენებით ცდილობდნენ, თავი დაეცვათ ძალოვნების შემოტევისგან. ამ დრომდე ჭავჭავაძის გამზირზე აქციის მონაწილეებს გადაკეტილი აქვთ გზები და ამტკიცებენ, რომ უწყვეტი პროტესტი გაგრძელდება.

მიმდინარე პროცესებისგან დისტანცირებისა და პროტესტის ნიშნად სამსახურები დატოვეს: ეროვნული ბანკის ასეულობით თანამშრომელმათბილისის მერიის თანამშრომლების ნაწილმა, იუსტიციის სახლის ათეულობით და საგარეო საქმეთა სამინისტროს ასეულობით თანამშრომელმა, საჯარო რეესტრის ასეულობით თანამშრომელმა, პროსახელისუფლებო მედიის რამდენიმე ჟურნალისტმა. "ქართული ოცნების" ანტიდასავლურ პოლიტიკას გაემიჯნა სემეკისა და პარლამენტის თანამშრომლების ნაწილი. პოსტები დატოვეს და "ქართული ოცნების" ანტიევროპულ პოლიტიკას გაემიჯნენ ქართველი დიპლომატები, ელჩებისაქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცედურების შეწყვეტას გაემიჯნენ სოციალური მუშაკებიც. ძალადობა დაგმეს და ევროინტეგრაციის გზაზე მოქალაქეებს თანადგომა გამოუცხადეს მსხვილმა კომერციულმა ბანკებმაც.

საქართველოს ევროპული გზიდან გადახვევა და რუსეთის წიაღში დაბრუნება კატეგორიულად მიუღებელია ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლებისთვისაც. იგივე პოზიცია აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალსაც, რომლებიც საჯარო განცხადებით გაემიჯნენ "კონსტიტუციისა და ევროკავშირში ინტეგრაციის კურსის ღალატის ნებისმიერ მცდელობას". ამავე შინაარსის განცხადებებს ავრცელებენ და ევროკავშირთან მოლაპარაკების შეწყვეტას გმობენ სხვადასხვა საჯარო თუ კერძო ორგანიზაციები.

ძალადობა დაგმო და ქართველ ხალხს თანადგომა გამოუცხადა სპორტსმენების ნაწილმა.

პროტესტის ნიშნად, დაიხურა რამდენიმე რესტორანი. სტუმარმასპინძლობის ზოგიერთმა ობიექტმა თანამშრომლობა შეწყვიტა საჯარო სამსახურებთან.

სკოლებსა და უნივერსიტეტებში გაკვეთილებისა და ლექციების ჩატარებაზე უარი თქვა რამდენიმე პედაგოგმა და ლექტორმა. 

ხელისუფლების გადაწყვეტილება დაგმო სხვადასხვა დარგობრივმა ბიზნესგაერთიანებებმა და ასოციაციებმა.

სპექტაკლები გააუქმეს ან გადადეს თეატრებმა.

პრეზიდენტ ზურაბიშვილის შეფასებით, მასობრივი პროტესტი ეროვნულ დაუმორჩილებლობაში იზრდება

საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა აშშ-მა.

მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ეკონომიკურ რისკებზე ალაპარაკდა ბიზნესი.  მთავრობის ანტიდასავლური პოლიტიკის ეკონომიკურ საფრთხეზე დიდი ხანია საუბრობს სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის პრეზიდენტი პაატა ცაგარეიშვილიც. მისი თქმით, დასავლელი პარტნიორები 10 მილიარდი დოლარის დონაციას აკეთებენ საქართველოს ეკონომიკაში სხვადასხვა პროექტების დაფინანსებით, რომელთა შეწყვეტა ქვეყანას ეკონომიკურად დაანგრევს.