2019 წელს, ორმა ობსერვატორიამ, LIGO-მ და Virgo-მ რაღაც ნამდვილად უცნაური ჩაიწერეს — წამის მეათედზე ნაკლები ხანგრძლივობის გრავიტაციული ტალღა.

ერთმანეთის გარშემო სპირალურად მოძრავი ორი შავი ხვრელის მიერ გამოცემულ ტალღებთან შედარებით, ეს რაღაც გაცილებით მკვეთრი იყო. ამ მოვლენის, სახელად GW190521-ის საუკეთესო ახსნა იყო შემთხვევით შეხვედრილი ორი შავი ხვრელი, რომელიც ერთმანეთს შეეჯახა.

თუმცა, ახალი კვლევა ალტერნატივას გვთავაზობს, გაცილებით ეგზოტიკურ ვარიანტს — სხვა სამყაროში მომხდარი შავი ხვრელების შეჯახების ექო, რომელიც აირეკლება (რევერბაცია) ამ შეჯახების შედეგად წარმოქმნილ, კოლაფსირებად ჭიის ხვრელში.

„უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენს სამყაროში მომხდარი შავი ხვრელების შეჯახება მაინც არის ამ სიგნალების სასურველი ინტერპრეტაცია, მაგრამ ეს სასურველობა მაინც არ არის საკმარისად ძლიერი, რომ მთლიანად გამოირიცხოს ჭიის ხვრელის მოდელი“, — წერს რეცენზირებამდელ სერვერ arXiv-ზე ატვირთულ პუბლიკაციაში მკვლევართა ჯგუფი, რომელსაც ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკოსი ქი ლაი ხელმძღვანელობდა.

თუკი ის ჭიის ხვრელის მანიშნებელი იყო, GW190521 და მისი მსგავსი სხვა გრავიტაციული ტალღები არა მხოლოდ დაადასტურებდნენ ამ ჰიპოთეტური სტრუქტურების არსებობას, არამედ ასევე მოგვცემდნენ ახალ ინსტრუმენტს მათი ფიზიკური თვისებების შესასწავლად. ეს არის ძალიან დიდი „თუ“.

გრავიტაციული ტალღები, რომელთა დაფიქსირებაც ამჟამად შეგვიძლია, არის მასიური, ძალიან მკვრივი ობიექტების, მაგალითად, შავი ხვრელების და ნეიტრონული ვარსკვლავების შეჯახებათა შედეგად წარმოქმნილი ჭავლები სივრცე-დროის ქსოვილში.

თუმცა, ამ ჭავლებს მხოლოდ თავად შეჯახება არ წარმოქმნის. როდესაც წყვილურ (ბინარულ) ორბიტაზე მოძრავი შავი ხვრელები სპირალურად ბრუნავენ ერთმანეთის გარშემო, ჭავლებს წარმოქმნის მათი ურთიერთქმედი გრავიტაციული ველებიც, თავიდან სუსტებს, შემდეგ კი, ობიექტის მიახლოებასთან ერთად, ძლიერებს.

ვრცლად პირველ არხზე